weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გივი ჭიჭინაძის გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იქნება - ირაკლი კობახიძე

22:00 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

„კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ბატონი გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი და ასევე, წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და დარწმუნებულნი ვართ, რომ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიის თითოეულმა წევრმა და მხარდამჭერმა ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა შეძლო.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი კი ეკონომიკის განვითარებაა და ამ მიმართულებით, ბევრი რამ კეთდება.

კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს 2 წლის წინ, რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის მიერ გაცემული დაპირებები შეახსენა და განაცხადა, რომ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დაპირება პირნათლად შესრულდა.

„ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, იმ დროისთვის, საერთოდ, დაკეტილიც კი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისების უმრავლესობა და ჩვენ ეს ამოცანები, რასაც ერქვა პარტიის ცენტრალური რგოლის და ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სათანადოდ შევასრულეთ და ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ დამაჯერებელი და ძალიან ღირსეული გამარჯვება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო საპარლამენტო გუნდის განახლება.

„2016 წლის არჩევნები იყო ერთგვარი შემდგომი საკვანძო ეტაპი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. მოგეხსენებათ ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, სადაც ჩვენი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა რისკ ფაქტორს ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ საბოლოოდ 2016 წლის არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აღარ უქმნის, ვეღარ ქმნის საფრთხეს ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პარტიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა მიდის კონსოლიდაციის გზაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც.

პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, პარტიაში რეფორმების მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად, „რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ არსებითად არჩევნების პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც“.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

„ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისთვის. დღემდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული ცხოვრების პირობები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.  

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]