weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზურაბ ზვიადაური „კანონიერი ქურდის“ მიწვევით სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა

22:05 შაბათი, 05 მაისი 2018

ყოფილი პარლამენტარი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სადაც მას ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სერგო ცოცხალაშვილი, მეტსახელად „ზურაბ კახეტინეცი“ მასპინძლობდა.

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, „რეგინფომ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ზურაბ ზვიადაური სანკტ-პეტერბურგში სერგო ცოცხალაშვილის კერძო მიწვევით ჩავიდა. ორივე მათგანი წარმოშობით ქალაქ ახმეტიდან არის.

„რეგინფოსთან“ საუბარში ზურაბ ზვიადაურმა უარყო, რომ სანკტ-პეტერბურგში „კანონიერი ქურდის“ მიწვევით იმყოფებოდა.

- ვისი მიწვევით?

- სერგო ცოცხალაშვილის.

- ვინ არის სერგო ცოცხალაშვილი?

- „კანონიერი ქურდია“, არ იცნობთ?

- რა სისულელეს ლაპარაკობ.

- იმყოფებოდით თუ არა სანკტ-პეტერბურგში მისი მიწვევით?

- რა სისულელეებს ლაპარაკობ-მეთქი.

- სერგო ცოცხალაშვილი ხომ თქვენი ნათესავიც არის?

- მოეშვი მაგ სისულელეებს და ვინც ინფორმაცია მოგაწოდა, იმას მიეცი პასუხი უკან.

- ბატონო ზურაბ, რუსეთში ვიზიტს ადასტურებთ? - ამ კითხვის შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა ტელეფონი გათიშა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის ერთ-ერთი ძმა სერგო ცოცხალაშვილის შვილის ნათლიაა.

„რეგინფომ“ სხვადასხვა გზით სერგო ცოცხალაშვილთან დაკავშირებაც სცადა, რაც ვერ მოვახერხეთ.

41 წლის სერგო ცოცხალაშვილი, რომელიც ქურდულ სამყაროში „ზურაბ კახეტინეცის“ მეტსახელით არის ცნობილი, 2016 წელს რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ჩხრეკისას 4,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ამოუღეს, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით დიდ ოდენობად ითვლება და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ცოცხალაშვილი სასჯელისგან გათავისუფლდა.

თურქული და რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სერგო ცოცხალაშვილი „კანონიერ ქურდად“ 2014 წლის გაზაფხულზე „აკურთხეს“. ცერემონიალი თურქეთში გაიმართა და მას „ქურდული სამყაროს ავტორიტეტები“ - როვშან ჯანიევი, მერაბ ბახია, თეიმურაზ ჭურაძე და სხვები ესწრებოდნენ. რეკომენდაცია ცოცხალაშვილს პეტერბურგელმა საჩინო გეგეჭკორმა გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ახმეტის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან იყო არჩეული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი სახელმწიფოს კუთვნილ შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დაასაქმეს, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის პოზიცია უკავია. არაოფიციალური ინფორმაციით, კომპანიაში მისი ხელფასი თვეში 5000 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]