weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არ ვაპირებთ არცერთ კომპრომისზე წასვლას - ბექა წიქარიშვილი

16:18 ორშაბათი, 14 მაისი 2018
არ ვაპირებთ არცერთ კომპრომისზე წასვლას - ბექა წიქარიშვილი ფოტო Ⓒ გიორგი მაჭავარიანი

„ჩვენთვის, ფორმალურად, პროტესტი ძალაში რჩება. ის შეიძლება გადავადდეს და თუ შევატყეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ“, –აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ბექა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სავარაუდოდ, ხვალ დეტალურად განიხილავენ 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას.

„დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ კომპრომისზე წასვლას. ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი. დანარჩენი - როგორ ვიმოქმედებთ, უკვე ერთად შეთანხმდება. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა ერთადერთი რაზეც იყო, ეს იყო სრულიად ყურითმოთრეული. იმაზე, რომ თითქოს ნარკორეალიზაციის „გაპრავება“ ამ ქვეყანაში ვინმეს სჭირდება. ჩვენ ვთქვით და ვამბობდით, რომ რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა. დღეს ეს მესიჯი გაისმა და კარგია, რომ ეს მოხდა“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები, „თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლები - ბექა წიქარიშვილი და დავით სუბელიანი, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები სოფო ვერძული და გურამ იმნაძე, „ბასსიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებოდნენ.

შინგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი: „ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც პროკურატურაში არ არსებობს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]