weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოადგილე ბიზნესწილებს მალავს

15:31 ორშაბათი, 28 მაისი 2018

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და მისი მამა მამუკა ქვათაძე 5 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მეწილეები არიან, თუმცა ამ ინფორმაციას იგი არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს. 2014 წლის 29 მარტიდან ლევან ქვათაძე მოვალეთა რეესტრში ირიცხება.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ლევან ქვათაძე ფლობს 50 %-ს შპს „SNM GROUP“-ში (ს/კ - 400067949), ასევე არის შპს „ნობათი 2012“-ის (ს/კ - 406079782) 20 % წილის მესაკუთრე.

ლევან ქვათაძე ესპანელ პარტნიორებთან ერთად არის შპს „პერეირა საქართველოს“ (ს/კ -  400020213) თანამფლობელიც, სადაც პირადად მის საკუთრებაშია კომპანიის 50 % წილი, ხოლო მისი მამა მამუკა ქვათაძე იმავე კომპანიის დირექტორია.

გარდა ამისა, მამუკა ქვათაძე არის შპს „არტ რეგალ ჯორჯიას“ (ს/კ - 404943040) 100 % წილის მესაკუთრე, ასევე ფლობს კაპიტალის 50 %-ს კომპანიაში „რაჭული ღვინო“ (ს/კ - 404472361).

რაჭა-ლეჩხუმის ვიცე-გუბერნატორი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ 2017 წლის 7 მარტს მისმა დედამ დარეჯან ქვათაძემ ნასყიდობის ფორმით შეიძინა ქალაქ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირისა და 300 არაგველის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 100.7 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 135 300 ლარი იქნა გადახდილი, თუმცა, იმავე დეკლარაციაში წერია, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ლევან ქვათაძის ხელფასია, რომლის წლიური ოდენობა 2016 წელს 33 950 ლარი, 2017 წელს კი 28 238 ლარი იყო.

ამასთან, ქონებრივ დეკლარაციაში საერთოდ არ არის მითითებული ლევან ქვათაძის მამის მამუკა ქვათაძის მიერ მემკვიდრეობით მიღებული 127 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, რომელიც ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩის №33-ში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლევან ქვათაძე 2014 წლის 29 მარტიდან დღემდე ირიცხება სააღსრულებო ბიუროს მოვალეთა რეესტრში, თუმცა მის დეკლარაციებში არც ხელფასიდან თანხის გადახდევინების შესახებ ინფორმაციაა მითითებული.

„რეგინფო“ კომენტარისთვის ლევან ქვათაძეს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განმარტება გააკეთა: „იმ კომპანიებს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ საქმიანობა შეჩერებული აქვს. რაც შეეხება კომპანია შპს „არტ რეგალ ჯორჯიას“, არვიცი ეს რა კომპანიაა. დედაჩემს სესხი აქვს აღებული „საქართველოს ბანკიდან“ და ბინა იმით იყიდა. ჩემი მშობლები ჩემთან ერთად არ ცხოვრობენ, ამიტომ მათი სესხების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არ მაქვს მითითებული. რაც შეეხება სააღსრულებო ბიუროს მოვალეთა რეესტრში ყოფნას, ეს ინფორმაცია ძველია. ადრე მქონდა სასამართლო დავა „ტაობანკთან“, რომელიც დასრულებულია და არანაირი დავალიანება არ მერიცხება“.

ლევან ქვათაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მშობლები ოჯახის წევრების გრაფაში ჰყავს მითითებული.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი ან არასრული მონაცემების შეტანის შემთხვევაში ჯარიმდება მისი ხელფასის 20 %-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]