weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის

10:49 პარასკევი, 22 ივნისი 2018

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსის ტერმინთა განმარტებებს ემატება „არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება. პროექტის თანახმად, არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა დადგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

ზუსტდება ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები და იგი აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით;

პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად 4 წლის განმავლობაში, ნაცვლად 8 წლისა;

ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები;

დაუშვებელია ცესკოს აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. იმ საშტატო ნუსხას, რომელზეც ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ცალკე ადგენს ცესკო;

განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები და ვადები;

მოქმედი კანონმდებლობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აკრძალულია კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე. პროექტით შემოთავაზებულია კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალოს არა მარტო კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე, არამედ თვით კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს;

შემოთავაზებული ცვლილებით, ამომრჩეველთა სიის/მონაცემების გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას;

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იქნება;

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციისათვის წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა , ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით;

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება დაეკისრებათ, ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი. გარდა ამისა, შემცირდება აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა;

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის ნებისმიერ კვირა დღეს;

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურების მიზნით, მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში (არანაკლებ 25000 ამომრჩეველი).

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]