სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

10:10 - 12 ივლისი 2018 hits 366

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მინისტრობის კანდიდატები წარადგინა. მთავრობის შემცირებულ კაბინეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი გიორგი ქობულია.

პრემიერის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელია.

„წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება  საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5-დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი განათლების, სასკოლო განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია - განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელში“ მუშაობდა. იყო ფინანსური და კომერციული დირექტორი.

„ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან, ჩემს მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტის დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება, ამ კუთხით, არის მართლაც თვალსაჩინო. ის საქართველოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ იგი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით, 1-დან 1,5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება“, - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად წარდგენილია გიორგი ქობულია, რომელიც პრემიერის თქმით, „ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - McKinsey-ში“. იგი ამ ორგანიზაციის უფროსი პარტნიორია.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ McKinsey-ის სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“.

პრემიერის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება დავით ზალკალიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კი კახა კახიშვილი ინიშნება. „შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში.

დარწმუნებული ვარ, ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული.“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]