weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან გარიცხა

19:31 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

„ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. სამდივნოს განმარტებით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

„დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე - გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე - აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი -პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე -რეგიონული მდივანი.

17 ივლისს, ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის შემდეგ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა.

„თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 16 ივლისს, ჭიჭინაძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი მაქსიმალურად გამკაცრებულიყო, თუმცა, მთავრობამ, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]