weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის გეგმებზე ჩვენი პასუხი არის შემდეგი, არ შევჩერდებით - მარგველაშვილი

13:03 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის - „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა არაღიარების პოლიტიკასა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფი პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს მტკიცე მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წელს სწორედ მეგობარი ქვეყნების დიდი ძალისხმევით იქნა შეჩერებული რუსეთის სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია. თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა და ისტორიული უსამართლობა კვლავაც გრძელდება.

„2008 წლის ომი რა თქმა უნდა იყო, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები, მაგრამ ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბევრად უფრო ადრე, უფრო სწორედ საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ის დაიწყო 92-93 წლებში. ეს გადაწყვეტილება, მაშინ განპირობებული იყო არა ნატო-თი, არა ევროკავშირით, როგორც მერე, 2008 წელს რუსული პროპაგანდა ცდილობდა მონათვლას, არამედ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.

თუმცა 2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძაფრი და მძიმე, თუნდაც ადამიანური მსხვერპლის შედეგით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში რეგულარული რუსული არმია შემოვიდა, რომ ამ ომს მოყვა შემდეგ სრულიად გაუგონარი და უსამართლო მცდელობა რუსეთის ფედერაციისა, გამოაცხადოს ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები საქართველოს სუვერენული, მსოფლიოს მიერ აღიარებული, გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს და აგრეთვე ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით თქვენ, ვინც ხართ აქ წარმოდგენილი იმისთვის, რომ აი, ეს მცდელობა რუსეთის ფედერაციისა, რომ მოიგოს ასე ვთქვათ იმიჯური ომი საერთაშორისო არენაზე, იქნა სრულიად განადგურებული და ჩაშლილი, ეს ჩვენი ერთობლივი შედეგია.

თუ დავუბრუნდებით ათი წლის წინანდელ შედეგებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ყველს არ გვეყო ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა, იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. იყო ასეთი რიტორიკაც, თითქოს ეს იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ყველას ვისაც მაშინ ეჭვი ეპარებოდა სამწუხარო პასუხი გაეცა 2014 წელს უკრაინაში, სამწუხარო პასუხი გაეცა ჩვიდმეტში, თექვსმეტში, როდესაც ჰიბრიდული კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა ევროპა.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების - ეს არის ომი იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი. ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა. სანამ ჩვენ არ ვიტყვით ამ სიტყვებს სრული გამბედაობით, მანამ მეტ რისკებს ვუქმნით საკუთარ თავსაც და იმ გარემოსაც, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.

თუნდაც ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამ ენის მოჩლექით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორღაც რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას და იმის განცდას, რომ ეს შეიძლება ერთი ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდაკვალ.

რას აკეთებს საქართველო ამ ათი წლის განმავლობაში და როგორია ჩვენი სტრატეგია? - ჩვენი სტრატეგია მარტივია, ჩვენ ზუსტად ვიცით რუსეთის გეგმები, რომლებიც დაიწყო დამოუკიდებლობის პირველივე დღეს. ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რომელიც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას და ამ პოზიციაზე პასუხი არის შემდეგი: ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არც დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით, არც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზისით.

ისეთ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, ყოველდღიურად ხდება ჩვენი მოქალაქეების ქონების ხელყოფა და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, არის ხოლმე ფაქტები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, აწამებენ და წამებით კლავენ. ამ ფონზე, სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნება და მორალის არ გატეხვა, მოსახლეობისთვის და საკუთარი თავისთვის იმ რწმენის გაღრმავება, რომ შეუძლებელია რუსეთმა მოიგოს და შეუძლებელია, რომ ეს აგრესია არ დამთავრდეს და შეუძლებელია, ეს კედლებიც ისე არ დაინგრეს, როგორც ბერლინის კედელი, არ არის მარტივი და ამაში გვეხმარებით თქვენ, თქვენი თანადგომა, ძვირფასო სტუმრებო, თქვენი სიმტკიცე და თქვენი ძალიან ზუსტი და სწრაფი პოზიციები, როდესაც კიდევ ერთ, ან შემდეგ რუსულ პროვოკაციას და აგრესიას ვხედავთ საქართველოს მიწა-წყალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]