weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სუს-ი ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს იძიებს

15:39 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და მისი მოადგილის გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები გუშინ დატოვეს. არცერთ მათგანს მიზეზი არ განუმარტავს.

„რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ბიზნესმენმა ჩინოვნიკებს თანხა კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სანაცვლოდ გადაუხადა, თუმცა, ირკვევა, რომ თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.

„რუსთავი 2“ იუწყება, რომ გარიგება ზუგდიდის რამდენიმე ობიექტს ეხება. გარიგების თანახმად, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და კვირკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა.

კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...

გოგია: ვინ აიღო ფული?

კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.

გოგია: ვის მიეცი?

კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.

გოგია: რატომ არ დაინტერესდი?

კვირკვია:  არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის?

გოგია: რატომ მიყვირი?

კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.

გოგია: დამშვიდდი.

კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?“.

ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის თანამდებობებიდან გადადგომას „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა.

პარტიის განცხადებით, ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

„სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები. „ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]