weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი I

15:50 შაბათი, 24 ივნისი 2017

საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ზაფხულში ძირითადად ფეხბურთელთა ტრანსფერებისკენაა მიმართული. საფეხბურთო გრანდებმა თუ მოკრძალებულმა კლუბებმა უკვე განახორციელეს რამდენიმე ხმაურიანი შენაძენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, რომელიც ივნისში გაიხსნა.

ინგლისის ჩემპიონმა ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე კაპიტან ჯონ ტერის შეელია (ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა მშობლიურ კლუბში 19-წლიანი კარიერა დაამთავრა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა), სათადარიგო მეკარე ასმირ ბეგოვიჩი „ბორნმუთში“ გაყიდა, პერსპექტიული თავდამსხმელი დომინიკ სოლანკე კი, რომელმაც ივნისში პუბლიკას თავი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით დაამახსოვრა, სადაც ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, „ლივერპულში“ გაუშვა. მერსისაიდულმა კლუბმა ასევე დაიმატა ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, რომლის „რომადან“ გადმობირებაც „წითლებს“ 42 მილიონი ევრო დაუჯდათ. იაქტიურა მეორე ლივერპულურმა კლუბმა „ევერტონმაც“, რომელმაც ჯერ ინგლისის ნაკრების ჯეელ გოლკიპერ ჯორდან პიკფორდს გაუფორმა კონტრაქტი (28.5 მილიონი ევროს საფასურად „სანდერლენდიდან“), შემდეგ კი - ჰოლანდიის ნაკრების წევრ დეივი კლაასენს, რომელმაც მშობლიურ ამსტერდამულ კლუბს თანამემამულე რონალდ კუმანის გაწვრთნილი ინგლისური გუნდი არჩია. ინგლისურმა პრემიერ ლიგის კიდევ ერთმა ბინადარმა ლონდონის „არსენალმა“ კი გელზენკირხენის „შალკე 04“-დან ბოსნიელი მცველი სეად კოლაშინაცი შეიძინა, რომელმაც ფეხბურთის ქომაგებს თავი 2014 წლის მუნდიალზე არგენტინასთან მატჩში გატანილი ავტოგოლით დაამახსოვრა.

მიმდინარე ტრანსფერებში აქტიურობს საფრანგეთის ჩემპიონი „მონაკო“, რომელმაც პერსპექტიული ბელგიელი უკანახაზელი იური ტილემანსი ბრიუსელის „ანდერლეხტიდან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა და უფასოდ აიყვანა გამოცდილი შვეიცარიელი კარის დარაჯი დიეგო ბენალიო. სამაგიეროდ ლეონარდო ჟარდიმის გაწვრთნილი მონეგასკური გუნდი დატოვეს ვალერ ჟერმენმა, რომელიც მარსელის „ოლიმპიკში“ გადაბარგდა და გასული სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, ბერნარდო სილვამ - პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. მისი ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოდგა - პეპ გვარდიოლას გუნდში იგი 50 მილიონ ევროს საფასურად მივიდა. მანჩესტერული კლუბი უფასოდ დატოვეს ვილი კაბალიერომ, გაელ კლიშიმ, ბაკარი სანიამ, ხესუს ნავასმა და პაბლო საბლეტამ  - არგენტინელი განაპირა მცველი ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შეუერთდა. „სიტიმ“ ასევე დიდი თანხის სანაცვლოდ, 40 მილიონ ევროდ დაიმატა 23 წლის ბრაზილიელი გოლკიპერი ედერსონი, რომელიც „ბენფიკაში“ ასპარეზობდა. პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონური კლუბი კი ასევე დატოვა 22 წლის შვედმა ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელიოფმა, რომელიც 35 მილიონ ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

ახალი სეზონისთვის სერიოზული მიზნები დაისახა კრიზისში მყოფმა სახელოვანმა იტალიურმა კლუბმა „მილანმა“, რომელიც როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულში დიდი თანხის დახარჯვას აპირებს: მილანურმა გრანდმა ჯერ „ვილიარრეალიდან“ არგენტინელი ცენტრალური მცველი მატეო მუსაკიო შეიძინა 18 მილიონ ევროდ, შემდეგ კი - შვეიცარიის ნაკრების მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი „ვოლფსბურგიდან“  17 მილიონ ევროდ. მესამე ტრანსფერი „მილანს“ 38 მილიონი ევრო დაუჯდა - შესანიშნავ ფორმაში მყოფი 21 წლის პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 7 გოლი გაიტანა, „როსონერიში“ „პორტოდან“ გადაბარგდა.

სატრანფერო ფანჯრის პირველ თვეში ასევე იაქტიურა მიუნხენურმა გრანდმა „ბაიერნმა“. „რეკორდმაისტერმა“, როგორც სჩვევია, ახალგაზრდა ტალანტები გაიფორმა: „ჰოფენჰაიმიდან“ გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა წევრები სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე აიყვანა, ბრემენის „ვერდერიდან“ კი - ასევე „ბუნდესნაკრების“ ახალწვეული სერჟ გნაბრი. ბავარიული გრანდის მეოთხე შენაძენი პერსპექტიული ფრანგი შემტევი კორენტინ ტოლისოა, რომელიც ლიონის „ოლიმპიკიდან“ 41.5 მილიონ ევროდ იქნა ნაყიდი. 22 წლის ტოლისო მიუნხენში 2022 წლამდე დარჩება. ლიონელთა რიგები კი ასევე დატოვა გამოცდილმა ფრანგმა შუახაზელმა მატიე ვალბუენამ, რომელმაც სტამბოლის „ფენერბჰჩეს“ მიაშურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]