weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბაქოს ქაოსური გრან-პრი დანიელ რიკარდომ მოიგო

12:16 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე სამჯერ გამოვიდა და ერთხელაც რბოლა საერთოდ შეწყდა, გამარჯვება ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მოიპოვა, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი კი, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან, მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.

შუა რბოლისას, როდესაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა იმყოფებოდა, მათ შორის ინციდენტი მოხდა, რომელიც ფეტელს პიტლეინზე 10-წამიან სტოპ-გოუ გაჩერებად დაუჯდა. უფრო მეტიც, რბოლის შემდეგ პირად ანგარიშზე სამი საჯარიმო ქულაც დაეწერა.

რბოლა იმითაც იყო საინტერესო, რომ მის კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ რამდენიმე პილოტს შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლათ. სამაგიეროდ, პირველი ქულები მოიპოვა „მაკლარენმა“, რომლის პილოტმა ფერნანდო ალონსომ ფინიში მეცხრე ადგილზე გადაკვეთა.

რბოლის დაწყებამდე შემდგომში ტრიუმფატორ რიკარდოს რბოლის მოგების ნაკლები პერსპექტივა ჰქონდა - სტარტზე მეათე ადგილზე იდგა. თან პიტ სტოპი უკვე მე-6 წრეზე შეასრულა, რის შემდეგაც პელოტონს კუდში აღმოჩნდა, თუმცა რაც ამის შემდეგ მოხდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ინციდენტები რბოლის დასაწყისიდანვე დაიწყო. კიმი რაიკონენმა მესამე მოსახვევში ვალტერი ბოტასის გასწრება სცადა და თითქმის გამოუვიდა კიდეც მანევრი, მაგრამ მოულოდნელად „მერსედესი“ კერბზე გავლისას მოცურდა და „ფერარის“ დაეჯახა. ორივე მანქანა დაზიანდა. რაიკონენმა ორი პოზიცია დაკარგა, ბოტასს კი ბოქსში რემონტზე შესვლამ მოუწია და იქიდან გამოსული პელოტონის კუდში აღმოჩნდა. ქაოსი მე-12 წრეზე მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დანილ კვიატი გაჩერდა იმის გამო, რომ მისი „ტორო როსოს“ უსაფრთხო ევაკუაცია შეუძლებელი გახდა, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ლიდერებმა ამით ისარგებლეს და პიტ სტოპი შეასრულეს. რესტარტამდე მაქს ფერსტაპენი გაჩერდა - ტექნიკამ უმტყუნა.

რესტარტზე ფეტელს სერხიო პერესმა შეუტია, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერმა შეძლო პოზიციის დაცვა. სამაგიეროდ, რაიკონენს ფელიპე მასამ და ესტებან ოკონმა გაასწრეს ისე, რომ ფინელის „ფერარი“ კვლავ ვერ გადაურჩა დაზიანებებს.

ბაქოს ტრასაზე ყველგან ნამსხვრევები ეყარა, რომელთა მოშორებასაც ისევ უსაფრთხოების მანქანა დასჭირდა. მაგრამ რბოლის უსაფრთხოდ და უინციდენტოდ გაგრძელება ვერც მან უზრუნველყო. ციხესიმაგრის სექტორში, მოულოდნელად ლიდერ ჰამილტონს უკნიდან სებასტიან ფეტელი დაეჯახა. ორივემ გზა გააგრძელა, მაგრამ გერმანელი ემოციას აჰყვა, უმალ გვერდში ამოუდგა მეტოქეს და ეს ისე მკვეთრად გააკეთა, რომ მათი მანქანები ბორბლებით ერთმანეთს დაეჯახა. ეს ინციდენტი მალე სტიუარდებმა ფეტელს 10-წამიან ჯარიმად შეუფასეს, რაც მას გამარჯვების დაკარგვად დაუჯდა. რბოლა მე-20 წრეზე განახლდა, მაგრამ მცირე ხნით. რესტარტზე ფელიპე მასამ პერესს გაასწრო, რომელსაც იქვე ოკონმაც გაუარა, მაგრამ სანამ გაცდებოდა, უკანა მარჯვენა ბორბლით, წინა მარცხენაზე გადაუარა. ორივე მანქანა დაზიანდა. ოკონმა გზა გააგრძელა, მექსიკელმა კი ბოქსებისკენ აიღო გეზი. მასამ ფეტელს შეუტია, რაიკონენს კი ორი „ფორს ინდიას“ შეჯახებისას დაყრილმა ნამსხვრევებმა უკანა მარჯვენა საბურავი გაუხეთქა. ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც ერთხელ პელოტონი პიტლეინზე გაატარა, თუმცა 22-ე წრეზე წითელი დროშები აფრიალდა და რბოლაც შეწყდა - ტრასის თითქმის ყველა მონაკვეთი ნამსხვრევებისგან გასაწმენდი იყო და მოძრავი პელოტონის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

რესტარტზე დანიელ რიკარდომ ორივე „უილიამსს“ გაასწრო და კვალში ლიდერებს ჩაუდგა. ნიკო ჰულკენბერგმა ფელიპე მასას გაასწრო, ორივე კი ერთდროულად კევინ მაგნუსენმა ჩამოიტოვა. მასას სხვებმაც გაასწრეს და მალე ბრაზილიელი საერთოდ გაჩერდა. არც ჰულკენბერგს გაუმართლა, რომელმაც წინა მარჯვენა საკიდარი კედელს მიამსხვრია.

30-ე წრეზე ლუის ჰამილტონს მოულოდნელი პრობლემა შეექმნა - მის მანქანაზე თავის და კისრის დამცავი რკალი დაიბერა და ბრიტანელს ხელით უწევდა რკალიდან ჰაერის გამოდევნა, რაც ხიფათის შემცველი იყო, ამიტომ გუნდმა ბოქსში უხმო. ლიდერის პოზიცია რიკარდომ გადაიბარა და აღარავის დაუთმო.

„არ მჯერა. გადარეული რბოლა იყო. ასეთს შარშან ველოდით. ვიცოდი, კვარცხლბეკი შესაძლებელი იყო. მერე კი ლუისს და სებს პრობლემები შეექმნათ“, - ყვება რიკარდო, რომელმაც შარშანდელი მალაიზიური რბოლის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. და ამას ისე როგორ აღნიშნავდა, თუ არა საკუთარი ფეხსაცმლიდან დალეული შამპანურით. სხვათა შორის, თასმები დევიდ კულტჰარდმა გაუხსნა და სანამ თავად დალევდა, განსხვავებული სასმისით ღვინო კვარცხლბეკის ახალბედა სტროლს გაასინჯა. სხვათა შორის, სტროლი F1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია (18 წლისაა), ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

ბაქო, ქალაქის ტრასა. დისტანცია 306.51 კმ (6.001 კმ, 51 წრე) 

  1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 2:03:55.573
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) +00:03.904
  3. ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 00:04.009
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 00:05.976
  5. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 00:06.188
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 00:30.298
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 00:41.753
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 00:49.400
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 00:59.551
  10. პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 01:29.093
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 01:31.794
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 01:32.160
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 5 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 12 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 26 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 27 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 40 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 42 წრე

ჯოლიონ პალმერი (დიდი ბრიტანეთი, „რენო“) 45 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:43.441, 47-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია: 

  1. სებასტიან ფეტელი - 153
  2. ლუის ჰამილტონი - 139
  3. ვალტერი ბოტასი - 111
  4. დანიელ რიკარდო - 92
  5. კიმი რაიკონენი - 73
  6. მაქს ფერსტაპენი - 45
  7. სერხიო პერესი - 44
  8. ესტებან ოკონი - 35
  9. კარლოს საინსი - 29
  10. ფელიპე მასა - 20
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 18
  12. ლანს სტროლი - 17
  13. კევინ მაგნუსენი - 11
  14. რომენ გროჟანი - 10
  15. პასკალ ვერლაინი - 5
  16. დანილ კვიატი - 4
  17. ფერნანდო ალონსო - 2

 2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 250
  2. ფერარი - 226
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 137
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 79
  5. უილიამს-მერსედესი - 37
  6. ტორო როსო-რენო - 33
  7. ჰაას-ფერარი - 21
  8. რენო - 18
  9. ზაუბერ-ფერარი - 5
  10. მაკლარენ-ჰონდა - 2

 წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]