weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

10:50 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ლიტვის ქალაქ კაუნასში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოკებმა უნგრელი თანატოლები იოლად დაამარცხეს და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინეს.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა სამი შეხვედრის შემდეგ უკვე გარკვეული იყო. 60 კგ წონით კატეგორიაში საბა კაპანაძემ (60 კგ) ბოტონდ სერედაშს ვაზარით აჯობა. 66 კილოგრამში მიხეილ ბახბახაშვილს მეტოქე არ გამოუცხადდა და უბრძოლველად ჩაიწერა ქულა. 73-ში კი ლაშა ბექაურმა გერგეი ნერპეი საფინალო გონგამდე 1 წამით ადრე დასცა ბეჭებზე და ანგარიში 3:0 გახდა.

გოჩა ღვაჩლიანი (81 კგ) ინდივიდუალური ევროპირველობის ფინალისტ ბენედეკ ტოტს დაეჭიდა და ოქროს დროში შიდოთი დამარცხდა. ფინალის ბოლო - მეხუთე შეხვედრაში კი ლევან ჭელიძემ (+81 კგ) საბა ტოტს 41 წამში შეუსრულა იპონი და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 4:1.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ლიტვურ ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ფინალამდე დილის პროგრამაში გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო - ნაკრები მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში და საბერძნეთს 5:0 სძლია. მეოთხედფინალში იტალიას აჯობა 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთს – 3:2.

ჭაბუკების პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გოგონებს შორისაც გაიმართა. 19 ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებს შორის ევროკონკურენციაში ქართული გუნდიც ჩაება და გამარჯვებითაც დაიწყო - პორტუგალიის 5:0 ძლევით, მაგრამ მეოტხედფინალში მომავალ ფინალისტთან, სერბეთთან 2:3 წააგო და რეპეშაჟის მეოთხედფინალში გადაერთო, სადაც უკრაინას დაუპირისპირდა და მასთანაც 2:3 დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]