weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბარსელონამ“ მადრიდში გამართული „ელ კლასიკო“ მოიგო

10:35 კვირა, 24 დეკემბერი 2017

„ელ კლასიკოს“ სახელით ცნობილი უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა და გათამაშების პირველადგილოსანი „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში, სადაც საგოლე მომენტებს ორივე გუნდი თანაბრად ქმნიდა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 54-ე წუთზე კატალონიელთა იერიში ლუის სუარესმა გოლით დააგვირგვინა. ათ წუთში მესიმ საუცხოო პასით სუარესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, კეილორ ნავასმა ბურთი მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და არეულობაში არჩათვლილი გოლიც გავიდა, მაგრამ მანამდე „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა ხელით ითამაშა და გააძევეს, რასაც პენალტი მოჰყვა, ლიონელ მესიმ კი თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და „ელ კლასიკოს“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი გატანილი გოლის მაჩვენებელი 25-მდე გაზარდა. მასპინძელი მადრიდელები მთელი ძალებით უტევდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არაფერი გამოსდიოდათ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა გარემარბმა ალეიშ ვიდალმა თამაშში ჩართვიდან 1 წუთში ტაბლოზე 3:0 აანთო და „რეალს“ სამარცხვინო მარცხი გაუფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდის თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ტაქტიკურ დუელში პირწმინდად დაჯაბნა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) სახელოვანი ვიზავი ზინედინ ზიდანი.

ამრიგად, განვლილი 17 ტურის თავზე ესპანეთის „ლა ლიგის“ ლიდერი 45 ქულით ჯერ კიდევ დაუმარცხებელი „ბარსელონაა“, მადრიდის „სამეფო კლუბი“ კი 31 ქულით მე-4 პოზიციაზეა. კატალონიელთა უახლოესი მდევარი მადრიდის „ატლეტიკოა“, რომელსაც 36 ქულა აქვს. მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში ლიონელ მესი 15 გოლით უდგას, ლუის სუარესი კი 10 გოლით მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ყველა დროის სტატისტიკას, 236 ოფიციალურ შეხვედრაში ამ მომენტისთვის „რეალს“ 95 მოგება აქვს, „ბარსელონას“ - 92, 49 მატჩი კი ფრედაა დასრულებული, ბურთების შეფარდება პრინციპულ მეტოქეთა შორის ასევე „რეალის“ სასარგებლოდაა - 399:384.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]