weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა მორაგბეებმა ჩელენჯ ქაფი მოიგეს

17:07 შაბათი, 13 მაისი 2017

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა „სტად ფრანსემ“, რომელშიც ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე გამოდიან, ევროპის რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ ქაფის ფინალში ინგლისურ „გლოსტერს“ 25:17 სძლია და ევროპული ჯილდო ისტორიაში პირველად მოიპოვა.

პარიზულ კლუბს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალში ორ-ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ყველა ჯერზე დამარცხდა და ნავსი მხოლოდ მეხუთე ცდაზე გატეხა.

ედინბურგში, „მარიფილდზე“ გამართული შეხვედრა ფრანგებისთვის ცუდად დაიწყო: ინგლისელები 22-ე წუთზე 10:0 დაწინაურდნენ, თუმცა „სტად ფრანსემ“ ჯარიმით, კაპიტან სერჯო პარისეს ლელოთი და ჟიულ პლისონმა გარდასახვით გაათანაბრა - 10:10. 57-ე წუთზე ლელომდე ჟონათან დანტიმ ირბინა. შემდეგ პარიზელები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ინიციატივა სრულად მოიპოვეს და ჟოფრეი დუმერუს 70-ე წუთზე დადებული ლელოთი და მორნე სტეინის გარდასახვით 25:10 დააფიქსირეს. „გლოსტერმა“ ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითა, მაგრამ ამით მხოლოდ სხვაობა შეამცირა და ჩელენჯ ქაფმაც მონპელიედან პარიზში გადაინაცვლა.

ზურაბ ჟვანია „სტად ფრანსეს“ განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ის პრესტიჟული ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში „ოსპრეიზს“ უელსში ლელოც დაუდო. თასის გამარჯვებულია გიორგი მელიქიძეც, რომელსაც 24 მაისს 21 წელი უსრულდება. მან ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]