weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კალათბურთის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება

15:25 კვირა, 18 თებერვალი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება. ილიას ზუროსმა 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს. ჩინეთში 2019 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25-ში გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.

ილიას ზუროსმა ნაკრებში 2 ახალ კანდიდატს უხმო: „რუსთავის“ სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და „ქუთაისის“ ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ All Star-ში სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ლომოური კი სტაბილურად - შედეგიანად თამაშობს სუპერლიგის ლიდერ „ქუთაისის“ შემადგენლობაში.

FIBA-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსს მისი ეიმედება და მასთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრებში გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ახალი წევრით შეივსო. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კიდევ ერთი ასისტენტი იქნება კლუბ მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი, თემურ კანკია. მასთან ერთად ზუროსის ასისტენტები იქნებიან დავით როგავა, ტიჰომირ ბუიანი და მილოშ გლიგორიევიჩი.

საქართველოს ეროვნული გუნდი ვარჯიშებს 18 თებერვალს, სპორტის სასახლეში დაიწყებს.

„დღეს ვიწყებთ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას. მეორე ფანჯრის ორივე მატჩი უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ქართული კალათბურთისთვის რთული მომენტია, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამაშებზე სრული შემადგენლობა გვყოლოდა, თუმცა ევროლიგასა და ფიბას შორის შეუთანხმებლობის გამო, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ, დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, არ მიეცათ საშუალება ჩამოსულიყვნენ. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ამ რთულ პერიოდში უგულშემატკივრონ ქართულ კალათბურთს, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი თანადგომა.

მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ახლა გამოდიან ასპარეზზე. ველით, რომ საშინაო მატჩზე დარბაზი სავსე იქნება, რაც ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მიუხედავად ყველა სირთულისა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ავსტრიისა და საქართველოს შორის ვენაში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან, 25 თებერვალს გასამართი მატჩისთის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში განაგრძობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]