weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საუკეთესო ოთხეული ევროპა ლიგაზეც გაირკვა

10:58 პარასკევი, 13 აპრილი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები ევროპა ლიგაზეც გაიმართა. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე თასისთვის ბრძოლას ლონდონის „არსენალი“, მადრიდის „ატლეტიკო“, მარსელის „ოლიმპიკი“ და „ზალცბურგი“ აგრძელებენ.

ტურნირის მთავარი ფავორიტი ლონდონის „არსენალი” საშინაო გამარჯვების (4:1) შემდეგ სტუმრად მოსკოვში ჩავიდა. „ცსკა“ სახელოვან მეტოქესთან ორი ბურთით დაწინაურდა და ინტრიგაც დაიბადა, თუმცა „მეთოფეებმა“ იძალეს და ჩამორჩენა აღმოფხვრეს - ჯერ დენი უელბეკმა გაქვითა ერთი ბურთი, შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი აარონ რემსიმ ანგარიში გაათანაბრა. „არსენალის“ ორივე გოლზე საგოლე გადაცემები ეგვიპტელმა მოჰამედ ელნენიმ შეასრულა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

წინა კვირას მადრიდში „ატლეტიკოსთან“ 0:2 წაგების შემდეგ ლისაბონის „სპორტინგს“ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა კარგი თამაშის მიუხედავად დიეგო სიმეონეს გუნდს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა და ევროტურნირს გამოეთიშა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ავსტრიაში, სადაც რომის „ლაციო“ ორბურთიანი ფორით იყო ჩასული და უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ „ბიანკოჩელესტეს“ მთავარმეგოლე ჩირო იმობილემ გახსნა, თუმცა მასპინძელმა „ზალცბურგმა“ერთ წუთში გაათანაბრა, შემდეგ კი ოთხწუთიან ინტერვალში კიდევ სამი გოლი გაუტანა კარგ ფორმაში მყოფ რომაულ კლუბს და მცირე სენსაციის ავტორი გახდა. „რედ ბულელებმა“ საერთო ანგარიშით 6:5 მოიგეს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

უაღრესად სანახაობრივი, უხვგოლიანი და მაღალტემპიანი მატჩი შედგა მარსელის „ველოდრომზე“, სადაც სტუმრად ჩასული „ლაიპციგი“, რომელსაც პირველი შეხვედრა შინ 1:0 ჰქონდა მოგებული, მე-2 წუთზე გატანილი სწრაფი გოლით დაწინაურდა. მასპინძელი „ოლიმპიკი“ სწრაფადვე მოეგო გონს და მე-6 და მე-9 წუთებზე შეგდებული ბურთებით უმალ წინ გავიდა. რუდი გარსიას გუნდისთვის ეს ანგარიში საკმარისი არ იყო და პირველივე ტაიმში მესამე ბურთიც გაიტანა, რომელიც ფლორიან ტოვენის ანგარიშზეა. მეორე ტაიმის სტარტზე „ლაიპციგმა“ სხვაობა შეამცირა, შემდეგ მასპინძელთა რიგებში დიმიტრი პაიეტმაც გაიტანა, რომელი გოლიც რატომღაც მსაჯმა გააუქმა და შემდეგ იმავე პაიეტმა კვლავ გაიტანა, ამჯერად - მაღალი კლასის დემონსტრირებით. უკანასკნელ წუთებზე „ლაიპციგი“ ვა-ბანკზე წავიდა და კუთხურისას გუნდის დასახმარებლად მეკარეც მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, თუმცა უხეიროდ გათამაშებული სტანდარტისას გერმანელებმა ბურთი დაკარგეს და მარსელელმა ფეხბურთელმა ცარიელ კარში მეხუთე გოლი გაიტანა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]