weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

განმეორებითი მატჩის წინ: რეალი vs ბაიერნი

16:55 სამშაბათი, 01 მაისი 2018

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი ფინალისტი გუნდის ვინაობა გაირკვევა. წინა კვირას მიუნხენში მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ წყვილის ფავორიტად „რეალი“ იქცა, თუმცა „ბაიერნს“ ნამდვილად შესწევს საიმისო ძალა, რომ მადრიდული მატჩი უბრალო ფორმალობად არ იქცეს.

„ბაიერნი“ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე 26-ედ შეხვდებიან ერთმანეთს, რაც ამ ტურნირის რეკორდია. გუნდებს შორის მეშვიდე დაპირისპირება შედგება ნახევარფინალის ეგიდით.

„რეალი“ ნახევარფინალში ზედიზედ მერვედ თამაშობს და ესეც ტურნირის რეკორდია, ხოლო „რეკორდმაისტერმა“ იგივე ეტაპს მიჯრით მეექვსედ უწია.

მასპინძელი მადრიდელები დღეს მარჯვენა მცველ დანი კარვახალსა და შემტევ ნახევარმცველ ისკოს მოისაკლისებენ, რომლებმაც წინა კვირას მიუნხენში მიიღეს ტრავმები, სამაგიეროდ „რეალს“ მცველი ნაჩო უბრუნდება.

ბავარიული გრანდის რიგებში მიუნხენის „ალიანც არენაზე“ დაშავებული არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი ვერ ითამაშებენ, თუმცა საკადრო პრობლემებით გაწამებული იუპ ჰაინკესის კრებულისთვის სიახლეცაა  - მზადყოფნაშია ავსტრიელი მარცხენაფლანგელი დავიდ ალაბა.

სავარაუდო შემადგენლობები:

 „რეალი“ (4-3-3): კ. ნავასი; ნაჩო, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო; ასენსიო, ბენზემა, კ. რონალდო.

 „ბაიერნი“ (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა; ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; თ. მიულერი, ხ. როდრიგესი, რიბერი; ლევანდოვსკი.

ურთიერთშეხვედრები:

ამ სეზონამდე ჩატარებულ წინა 24 შეხვედრაში სრული თანაფარდობა იყო: 11-11 მოგება და 2 ფრე, ოდნავი უპირატესობა კი - „სამეფო კლუბის“ მხარეს, რომელსაც ერთით მეტი გოლი ჰქონდა გატანილი – 37:36.

აღსანიშნავია, რომ გერმანული და ესპანური გრანდების გზები შარშანაც გადაიკვეთა, ოღონდ მეოთხედფინალურ ეტაპზე. გასულ წელს „რეალმა“ მიუნხენში 2:1 მოიგო, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 წუთში ამავე ანგარიშით წააგო, თუმცა დამატებით დროში მასპინძლებმა სამი გოლი გაუტანეს ბავარიელებს და 4:2 გაიმარჯვეს.

2013-2014 წლების სეზონში „სამეფო კლუბმა“ ორი მატჩის ჯამში ადვილად, 5:0 იმარჯვა. მადრიდში 1:0-ის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა მიუნხენში 4:0 დაამარცხა მეტოქე.

2011-2012 წლების სეზონშიც ასევე ნახევარფინალური მატჩები იყო – ორივე შეხვედრაში გუნდებმა ერთმანეთს შინ 2:1 მოუგეს, ხოლო პენალტების სერიაში „ბაიერნმა“ იძალა და ფინალში გავიდა.

2006-2007 წლების სეზონში მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთა. მადრიდში ჯერ „რეალმა” მოიგო 3:2, ხოლო მიუნხენში მასპინძლებს დარჩათ გამარჯვება – 2:1, შესაბამისად, „რეკორდმაისტერი“ შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა.

სამი წლით ადრე, 2003-2004 წლების სეზონში ასევე მერვედფინალური დუელი იყო. მიუნხენური 1:1-ის შემდეგ ეპანელებმა შინ დღევანდელი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გოლით მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გუნდები 2000-2002 წლების მონაკვეთში ზედიზედ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. „სამეფო კლუბმა“ 1999-2000 წლების სეზონში ნახევარფინალში, ხოლო 2001-2002 წლების გათამაშებაზე მეოთხედფინალში გაიმარჯვა (1999-2000 წლების სეზონში ასევე იყო მატჩები ჯგუფური ეტაპის ეგიდით და მაშინ ორჯერვე მიუნხენელებმა მოიგეს), ხოლო 2000-2001 წლების სეზონში მიუნხენელებმა ნახევარფინალში ორივე შეხვედრა მოიგეს.

გუნდების გზა პირველად 1975-1976 წლების სეზონში გადაიკვეთა და მაშინ ბავარიელებმა მოიგეს (2:0, 1:1). 1986-1987 წლების სეზონშიც ასევე მოხდა – 4:1, 0:1, ხოლო 1987-1988 წლების სეზონში „რეალი“ გამოვიდა გამარჯვებული (2:3, 2:0).

საინტერესო ფაქტები:

„ბაიერნის“ ამჟამინდელი თავკაცი იუპ ჰაინკესი „რეალს“ 1997-1998 წლების სეზონში წვრთნიდა და მადრიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

არიენ რობენი 2007-2009 წლებში „რეალის“ ფეხბურთელი იყო.

ტონი კროოსი „რეალში“ სწორედ „ბაიერნიდან“ გადავიდა. კროოსმა მიუნხენელთა რიგებში, 2007-2014 წლებში, 130 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.

ხამეს როდრიგესი „ბაიერნში“ იჯარით სწორედ „რეალიდან“ თამაშობს.

მადრიდელთა ლიდერ კრისტიანო რონალდოს მიუნხენური გრანდის კარში აქამდე 9 გოლი აქვს გატანილი, დღეს კი „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ მერვედ ითამაშებს.

დღევანდელ მატჩს თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]