weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე 6 მედლით დაასრულეს

12:23 ორშაბათი, 07 მაისი 2018

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ლეგენდარული ფალავნის, ალი ალიევის სახელობის არენაზე გამართული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა ფალავნებმა ევროპირველობაზე ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილისა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ) მიერ წინა დღეს მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს, თავისი წილი მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მიამატეს. ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ფინალში იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ხოლო ამინაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

კასპიისკის ხალიჩაზე ბექა ლომთაძემ ფინალის გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა – რუმინელი ივან გუიდეა (11:0) და აზერბაიჯანელი მირჯალალ ჰასანზადე (12:0), ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურატ რაშიდოვთან 1:4 დამარცხდა. ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ წააგო: პირველად 2015 წელს დაეუფლა ვერცხლს, 2016 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე დააკლდა ასევე ერთადერთი ნაბიჯი.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (11:0) და ნახევარფინალში პოლონელი რობერტ ბარანი (10:0) იოლად დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ თაჰა აქგულს შეხვდა. ქართველი ფალავანი თურქთან შედარებით უფრო აქტიურად გამოიყურებოდა, ილეთის ჩატარების მრავალგზის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ აქგულმა დაცვითი ტაქტიკა ამჯობინა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 მოიგო.

სანდრო ამინაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ევროპის სამგზის პრიზიორთან, აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან წაგებით (0:6). იქამდე ამინაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრი მრაზ ჯაფარიანი (9:2) და შვეიცარიელი შტეფან რაიხმუტი (4:0) ჩამოიშორა, რეპეშაჟის ფინალში კი გერმანიის სახელით მოჭიდავე ახმედ დუდაროვს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (4:4), მაგრამ ბოლო ილეთის ხარჯზე იმარჯვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]