weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები - დავით ქევხიშვილი დაპირისპირებაზე

18:38 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

„არ შეიძლება, როდესაც კაპიტანი ხარ, ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. 2009 წელს ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არცერთი შეკრებისთვის და შეჯიბრისთვის ბოიკოტი არ გამომიცხადებია. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც გუნდის კაპიტანი“, - განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დასრულების შემდეგ.

ქევხიშვილის თქმით, მასთან დაპირისპირებულ ძიუდოისტებს დღევანდელ ყრილობაზე ისეთი კითხვები არ დაუსვამთ, რომლებზეც პასუხის გაცემა შეიძლებოდა.

„ყრილობას როგორც დოკუმენტურად, ისე შინაარსობრივად ავუხსენი ყველაფერი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყველა ერთსულოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესები არ არის ის, რაც ასე უნდა გაგრძელდეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ არ არიან სპორტსმენები ის კომპეტენტური პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას.

ამ შემთხვევაში მე ვიცავ ფედერაციის პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ეს პროცესები.

ვფიქრობ, საერთო ენა მაინც გამოინახება. მითუმეტეს, რომ ამ ბიჭების უმრავლესობასთან მე და მათ ჩემთან, პირად საუბრებში მოთხოვნები არ აქვთ. ბევრ მათგანთან ერთადაც ვვარჯიშობ და როდესაც ვესაუბრები, ისინი ამბობენ, რომ უშუალოდ ჩემთან მიმართებაში არაფერი აქვთ საწინააღმდეგო. უბრალოდ, გუნდია და უნდათ ერთად იყვნენ. მე მესმის ეს.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, რომ მასზე წინ, 4 წელი მე ვიყავი გუნდის კაპიტანი. ზუსტად ეს პროცესები იყო 2009 წელს, როდესაც ჩვენ პრობლემები გვქონდა ნაკრებში, მაგრამ ამ პრობლემებზე მე არასდროს გამოვსულვარ და საჯაროდ არ მილაპარაკია. მაშინ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მხოლოდ მთავარ მწვრთნელთან მივსულიყავი. ბოიკოტი არ გამომიცხადებია არცერთი შეკრებისთვის და არცერთი შეჯიბრისთვის. როდესაც დრო მოვიდა, გავუყევი ჩემს გზას სხვა მიმართულებით. არ შეიძლება როდესაც შენ კაპიტანი ხარ, ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ეს არ არის სწორი საქციელი. ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც გუნდის კაპიტანი“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე განმარტებით, ჟურნალისტებთან ერთად დაპირისპირებულ ძიუდოისტებთან შეხვედრას თავს იმიტომ არიდებს, რომ არის ისეთი დეტალები, რომლის გახმაურებაც საჭიროდ არ მიაჩნია, „რადგან არ იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო“.

ძიუდოისტთა ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლის გარეშე დარჩა.

4 მაისს, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილმა და სხვებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააგრძელებენ ვარჯიშს და მონაწილეობას აღარ მიიღებენ შეჯიბრებებში, ვიდრე ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტი ერთპიროვნულ მართვასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.

დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის ყოფილიწევრი ზურაბ ზვიადაურიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]