weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპა ლიგა მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიგო

10:41 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

2017-2018 წლების ევროპა ლიგის გათამაშება „ატლეტიკოს“ გამარჯვებით დასრულდა. მადრიდულმა კლუბმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ ფინალურ მატჩში მარსელის „ოლიმპიკი“ უშანსოდ დაამარცხა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ფინალური შეხვედრა „მარსელის“ შეტევებით დაიწყო. საწყის წუთებში რუდი გარსიას გუნდი კარგად კომბინირებდა და ანგარიშის გახსნაც მართებდა, თუმცა დიმიტრი პაიეტის იდეალური პასი ვალერი ჟერმენმა ვერ შეირგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა არაზუსტად დაარტყა. თამაშის სურათიდან გამომდინარე პირველი გოლი ალოგიკურს ჰგავდა - ფრანგული კლუბის მცველმა მეკარისგან გაკეთებული პასი ვერ შეიმაგრა, ბურთი დაკარგა და მადრიდელებმაც დიდებული შანსი გოლად აქციეს - თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა. გატანილი გოლით უმალ გამოჩნდა საერთაშორისო გამოცდილებასა და სათამაშო კლასში სხვაობა. გაშვებული გოლიდან მალევე „ოლიმპიკმა“ გუნდის მთავარი ფეხბურთელი პაიეტი დაკარგა - ფრანგმა შემტევმა ტრავმა მიიღო, მოედანი ატირებულმა დატოვა და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოუწევს თუ არა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო სიმეონეს გუნდის სწრაფი შეტევა კვლავ გრიზმანმა დაასრულა გოლით და ფაქტობრივად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. დარჩენილ დროში მარსელელები ბევრს ეცადნენ გოლის გატანასაც, რასთან ახლოსაც შეცვლაზე შესული ბერძენი ფორვარდი კოსტას მიტროგლუ იყო, თუმცა 89-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კაპიტანმა გაბიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „ატლეტიკომ“ ევროპა ლიგა 2010 და 2012 წლებში გამარჯვების შემდეგ მესამედ მოიგო და აგვისტოში გასამართ UEFA-ს სუპერ თასზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში (რეალი - ლივერპული) გამარჯვებულს შეხვდება.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მარსელის ოლიმპიკი – მადრიდის ატლეტიკო 0:3

ლიონი, „პარკ ოლიმპიკ ლიონე“, 55 768 მაყურებელი

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ლუის გუსტავო, რამი, ამავი, სარი, სანსონი, ზამბო ანგისა, პაიეტი (მ. ლოპესი 32), ოკამპოსი (ნ’ჯიე 55), ტოვენი, ჟერმენი (მიტროგლუ 74).

მწვრთნელი: რუდი გარსია

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ვრსალკო (ხუანფრანი 46), საულ ნიგესი, გაბი, კოკე, ა. კორეა (პარტეი 88), გრიზმანი (ფ. ტორესი 90), დიეგო კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: გრიზმანი (21, 49), გაბი (89).

გაფრთხილებები: ამავი, ლუის გუსტავო, ნ’ჯიე – ვრსალკო, ლ. ერნანდესი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]