weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ესპანელთა სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია

10:59 სამშაბათი, 22 მაისი 2018

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა გუნდმა, ესპანეთის ეროვნული ნაკრებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ხულენ ლოპეტეგის რჩეულთა სიის მიღმა ბევრი ისეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელთა არგამოძახებამაც უამრავი საფეხბურთო სპეციალისტისა და ქომაგის გაკვირვება გამოიწვია.

მთავარი სიურპრიზი 23-კაციან განაცხადში „ჩელსის“ ფორვარდ ალვარო მორატას ვერმოხვედრაა. 25 წლის ცენტრფორვარდს „ფურია როხას“ თავკაცი ბოლო პერიოდში ხშირად ენდობოდა - მორატა ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ციკლში გატანილი 5 გოლით დაეხმარა. ხულენ ლოპეტეგიმ საყოველთაო შერეული კრიტიკა ასევე დაიმსახურა მარკ ბარტრას (დორტმუნდი), ექტორ ბელერინის (არსენალი), სერხი რობერტოს (ბარსელონა), ანდერ ერერას (მანჩესტერ იუნაიტედი), მიკელ ალონსოსა (ჩელსი) და მეკარე სერხიო ასენხოს (ვილიარრეალი) იგნორისთვის. სახსენებელია „ატლეტიკოელი“ ვიტოლოც, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე ხშირად ჩნდებოდა ეროვნული გუნდის რიგებში და რუსეთის საგზურის მოპოვებაში წვლილი 4 გატანილი გოლით შეიტანა, მაგრამ უკანასკნელ სეზონში პრაქტიკის არქონის გამო ნაკრების საბოლოო განაცხადში მისი ადგილიც ვერ მოინახა.

პირენეელთა 51 წლის მწვრთნელმა ასევე უარი თქვა ისეთ გამოცდილ მოთამაშეთა საჭიროებაზე, როგორებიც არიან: პედრო (ჩელსი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), ხავი მარტინესი (ბაიერნი), ხუან მატა (მანჩესტერ იუნაიტედი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), არიც ადურისი (ბილბაო), ხუანფრანი (მადრიდის ატლეტიკო) და დავიდ ვილა (ნიუ იორკ სიტი), თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებული ფეხბურთელები ლოპეტეგის ფორმაციის ნაკრებში პრაქტიკულად არც თამაშობდნენ.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების ახალ სახეებს, ესენი არიან: მეკარე კეპა არისაბალაგა (ბილბაო), მცველი ალვარო ოდრიოსოლა (სოსიედადი) და ორი ფორვარდი - იაგო ასპასი (სელტა) და როდრიგო მორენო (ვალენსია). ამ ორ უკანასკნელს პრიმერა დივიზიონში შედეგიანი სეზონები ჰქონდათ და ხულენ ლოპეტეგის ნდობა სრულად დაიმსახურეს, რადგან ბასკი სპეციალისტი ნაკრებში სისტემატიურად იძახებდა ორივეს.

ამრიგად, ესპანეთის ეროვნული გუნდი რუსეთში ამ შემადგენლობით შეეცდება წარმატების მიღწევას:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), პეპე რეინა (ნაპოლი), კეპა არისაბალაგა (ბილბაოს ათლეტიკი).

მცველები: სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი (სამივე - მადრიდის რეალი), ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა (ორივე - ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ნაჩო მონრეალი (არსენალი), ალვარო ოდრიოსოლა (რეალ სოსიედადი).

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ორივე - ბარსელონა), მარკო ასენსიო, ისკო (ორივე - მადრიდის რეალი), საულ ნიგესი, კოკე (ორივე - მადრიდის ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: დიეგო კოსტა (მადრიდის ატლეტიკო), ლუკას ვასკესი (მადრიდის რეალი), იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია).

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღესვე, 15 ივნისს პრინციპულ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ქვეჯგუფში კი ასევე ითამაშებს ირანისა (20 ივნისი) და მაროკოს (25 ივნისი) წინააღმდეგ. მანამდე პირენეელები ამხანაგურად გაეჯიბრებიან შვეიცარიისა (3 ივნისი) და ტუნისის (9 ივნისი) ეროვნულ გუნდებს.

 

მსგავსი სტატიები:

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის ნაკრებმა სამუნდიალე შემადგენლობა გამოაქვეყნა

ევროპის ჩემპიონი პორტუგალია რუსეთში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]