weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში დამარცხდა

10:15 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ლუქსემბურგის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის 69-ე წუთზე მიიღეს.

საქართველოს ნაკრები საკადრო დანაკლისის გამო ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა, თუმცა ლუქსემბურგთან მარცხი მაინც საწყენია. თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ ლუქსემბურგი პროგრესის გზას ადგას და ბოლო ხუთ მატჩში დაუმარცხებელია, რაც ამ გუნდისთვის უკვე დიდი წარმატებაა.

ვლადიმირ ვაისმა მალტასთან შეხვედრიდან მხოლოდ გურამ კაშია, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გიორგი აბურჯანია დატოვა ძირითად შემადგენლობაში. „ჯვაროსნებმა“ კარგად დაიწყეს და სტარტზევე შეეძლოთ ორჯერ გატანა: ჯერ გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა სახიფათოდ, მერე დაახლოებით იგივე პოზიციიდან ჭანტურიშვილმა, მაგრამ ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და სახიფათო მომენტები თითქმის აღარ იქმნებოდა, პირველი ტაიმიც უმეტესად ბრძოლაში გაილია.

მეორე ნახევარი კი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს. ორელიან იოახიმის სახიფათო დარტყმა გიორგი მაკარიძემ მოიგერია კუთხურზე. საპასუხოდ ქართველებს შეტევაში ძალზე უჭირდათ, შედეგი ვერც შეცვლებმა გამოიღო. უნდა აღინიშნოს ვაისის რამდენიმე ექსპერიმენტი – ჯაბა ჯიღაურმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო დავით ხოჭოლავა თითქმის მთელი მეორე ნახევარი საყრდენ ნახევარმცველად ირჯებოდა და ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგი მიგნება გახლდათ. გოლი, რომლის გამოც საქართველოს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, თითქმის არაფრისგან შეიქმნა: 69-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ არეულობაში ჭანტურიშვილმა ვერ მოახერხა მეტოქესთან ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება, ბურთი აქტიურ იოახიმს მიუვიდა – კაშიასა და დვალის ვარდნები დაგვიანებული აღმოჩნდა, ხოლო კარი ვერც მაკარიძემ გადაარჩინა – 0:1. დრო საკმარისად იყო დარჩენილი, მაგრამ შედეგი აღარ შეცვლილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]