weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე ქართველმა მორაგბეებმა შოტლანდია დაამარცხეს

01:14 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

მსოფლიოს 2018 წლის თასის გათამაშების დასკვნით მატჩში ქართველმა 20-წლამდელმა მორაგბეებმა შოტლანდია 8-ქულიანი სხვაობით, 39:31 დაამარცხეს.

მატჩის პირველ წუთებში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს. მე-3 წუთზე ლელო მოლის შემდეგ ჯაფარიძემ დადო, ხოლო მე-8 წუთზე იმავე ილეთით შოტლანდიელებს ხუთი ქულა სმიტმა მოუტანა. შოტლანდიელები წინ მალევე ტროტერის ლელოთი გავიდნენ. ლომიძემ ერთი-ერთზე შოტლანდიელების ფრთა ვერ შებოჭა და ბრიტანელები შვიდი ქულით დაწინაურდნენ.

„ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში 22-ე წუთზე შესანიშნავად გათამაშებული ლელოთი გაათანაბრეს. ხანგრძლივი კომბინაციის შემდეგ ფრთაზე პასი მარჯანიშვილმა მიიღო, რომელმაც სისწრაფე აკრიფა და ბურთი კიდესთან დაამიწა. პირველი ნახევრის 34-ე წუთზე შოტლანდია საკუთარ ხუთ მეტრიან ზონაში დაჯარიმდა, აფრასიძემ სწრაფად გაათამაშა და აბჟანდაძეს მიაწოდა, რომელსაც პასი ტროტერმა ჩაუჭრა, 90 მეტრი ირბინა და დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის ანგარიში  – საქართველო 12:19 შოტლანდია.

დაპირისპირების მეორე ტაიმის პირველი ნახევარი საათი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში 43-ე წუთზე გოგოლაშვილის ლელოთი გაათანაბრეს. ხუთ წუთში აბჟანდაძემ 50 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა და საქართველო სამი ქულით დააწინაურა. 56-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევა ლელოთი გოგიჩაშვილმა დაასრულა და „ბორჯღალოსნებს“ კომფორტული – 10 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

64-ე წუთზე ხაზზე შესანიშნავად გათამაშებული ბურთის შემდეგ მარჯანიშვილმა დუბლი გაიფორმა. აბჟანდაძემ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა – 36:19. სამ წუთში ხაზი ჯალაღონიამ გაჭრა, რომელმაც ზედ ლელოს ხაზთან ბურთი მარჯანიშვილს ამოუგდო, რომელიც ჰეთთრიკთან იყო ახლოს, თუმცა ბურთი ვერ შეიმაგრა და შოტლანდიელები გადარჩნენ.

71-ე წუთზე კალმახელიძე მაღალი ბოჭვის გამო გააძევეს, რასაც ერთ წუთში შოტლანდიელთა ლელო მოჰყვა. კაცნაკლულ მეტოქეს შოტლანდიამ კიდევ ერთი ლელო 75-ე წუთზე, მოლით დაუდო და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.

თამაშის ბოლო წუთებში საქართველომ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, შოტლანდიელები დაჯარიმდნენ და აბჟანდაძემ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. საბოლოო ანგარიში – საქართველო 39:31 შოტლანდია.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]