weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის მერვედფინალშია

11:00 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში არგენტინელი გვიდო პელა 6:3, 6:4, 1:6, 7:6 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა.

აღნიშნულ ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 266 000 დოლარი გამოიმუშავა, ლაივ რეიტინგში კი ხუთი ადგილით დაწინაურდა და კარიერის სარეკორდო, 31-ე ადგილზე იმყოფება.

ბასილაშვილმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და პირველი სეტი კარგად ჩაატარა. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხე გეიმზე მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ კი უპირატესობა შეინარჩუნა და მეტოქეს შანსი არ მისცა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი უფრო კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. პელას არაფერი გამოსდიოდა და ბევრ შეცდომასაც უშვებდა, თუმცა მეოთხე გეიმზე, საკუთარ მოწოდებაზე ნიკოლოზმა შეცდომებით ფაქტობრივად აჩუქა პელას გეიმი და არგენტინელს იმედი გაუჩნდა. არგენტინელი ქართველს მერვე გეიმზე ებრძოლა და შეეცადა დაბრეიკებას, თუმცა ნიკოლოზმა კრიტიკულ სიტუაციებში კარგად ითამაშა და სეტი 6:4 მოიგო.

მესამე სეტში პელამ ჩინებულად იასპარეზა და ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა, რადგან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მეტოქის მოწოდებაზე ორჯერ იმარჯვა და საბოლოოდ სეტი 6:1 დასრულდა.

მეოთხე სეტის მეხუთე გეიმზე ბასილაშვილი საკუთარ მოწოდებაზე 0:40-ს აგებდა, როდესაც ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და შემდეგ მეტოქეც დააბრეიკა - 4:2. ქართველი უპირატეს მდგომარეობაში იყო, თუმცა არგენტინელი არ დანებდა, უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა უფრო ზუსტად ითამაშა და საბოლოოდ მატჩი მოიგო.

ბასილაშვილი ირაკლი ლაბაძის შემდეგ გახდა მეორე ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში გავიდა. ირაკლი ლაბაძემ 2006 წელს უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია, სადაც რაფაელ ნადალთან ანგარიშით 3:6, 6:7, 3:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი მერვედფინალში სწორედ რაფა ნადალს შეხვდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]