weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სპორტიდან წავალ და ლგბტ პირების სამკლაურს არ გავიკეთებ - ზაზა ნადირაძე

14:02 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

„თუ ფედერაციიდან ვინმე დამავალებს, ლგბტ პირების მხარდასაჭერად ან სამკლაური გაიკეთე ან შეჯიბრზე არ გაგიშვებთო, მირჩევნია საერთოდ მივატოვო სპორტი და წავიდე, ვიდრე ის სამკლაური გავიკეთო და მაგ ხალხს მხარი დავუჭირო“, - აცხადებს ქართველი ნიჩბოსანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი ზაზა ნადირაძე.

ნადირაძის განმარტებით, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებასთან დაკავშირებით მას თავისი აზრი აქვს და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან დაპირისპირება არ სურს.

„მე არ ვიცი, რატომ გაიკეთა გურამ კაშიამ ეს სამაჯური. მას საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი, რა საკითხზე რა აზრი აქვს. ჩემი აზრი დავაფიქსირე ამ ლგბტ ხალხის  სამკლაურებისა და დროშის თაობაზე. გურამ კაშიას არ შევხებივარ. არ მინდა სპორტსმენს დავუპირისპირდე. მას ქართველმა ხალხმა უკვე უთხრა თავისი სათქმელი. მისი საქციელი ჩემთვის მოსაწონი არ იყო.

ლგბტ თემის მიმართ ჩემი მხარდაჭერა იქნება მხოლოდ ის, რომ დავიქირაო ტრანსპორტი და მივიყვანო ექიმებთან ან ფსიქოლოგებთან, რომ რამენაირად დაეხმარონ. მაგათ სხვანაირად მხარს არ დავუჭერ. რაღაც-რაღაცეები ვიცი მედიცინაში და ჩემი აზრია, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიკურნოს. ვიღაც ექიმს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „სოროსის ფონდიდან“ რა ფული მისცეს, თქვი რომ ეს დაავადება არ არისო, არ მაინტერესებს“, - განაცხადა ზაზა ნადირაძემ.

კითხვაზე, იჩაგრებიან თუ არა საქართველოში ადამიანები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ზაზა ნადირაძე ამბობს, რომ „პროვოკატორები ყოველთვის იჩაგრებიან და ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს“.

„საქართველოში სამწუხაროდ ათასობით ლგბტ ადამიანია, ძალიან ბევრი გეია სხვადასხვა სამსახურებში, მაგრამ აქციებზე მხოლოდ პროვოკატორები - 20-30 ადამიანი გამოდის, შეურაცხყოფენ ეკლესიას. დანარჩენები ალბათ უფრო ჭკვიანები არიან. იციან, რომ რაღაც პრობლემა აქვთ და არიან თავისთვის, თავი მოაქვთ ჩვეულებრივ ადამიანებად და ისე ცხოვრობენ, როგორც მოსწონთ. პროვოკატორები ყოველთვის იჩაგრებიან.

ვიღაც ყოველთვის ეცდება ასეთ ადამიანებს პასუხი გასცეს სიტყვიერად, ფიზიკურად და ა.შ. ან ფეხი მოხვდება, ან ხელი.

უკვე სახეებზე დავიმახსოვრე, ვინც გამოდიან და პროვოკაციებს აწყობენ. სხვა გეი არც მაღაზიაში და არც ქუჩაში არ შემიმჩნევია“, - ამბობს ნიჩბოსანი.

გასულ წელს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა. კაპიტნის საგანგებო სამკლაური კაშიას მსგავსად ყველა ჰოლანდიური კლუბის კაპიტანს ეკეთა.

ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA-მ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო Equal Game გადასცა. UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ კაშიამ ლგბტ თემისა და თანასწორობის იდეის მიმართ მხარდაჭერა მტკიცედ დააფიქსირა და საქართველოში ამ უმცირესობის ჯგუფისადმი დამოკიდებულების შეცვლას ხელი შეუწყო.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში მაღალია ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]