სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქართველმა კალათბურთელებმა სტუმრად ისრაელი დაამარცხეს

10:05 - 14 სექტემბერი 2018 hits 126

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი თელ-ავივში დაიწყო და ისრაელის ნაკრებს საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებით ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

სტუმარმა ქართველებმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს. პირველი მეოთხედი დაძაბული გამოდგა, თუმცა საქართველოს ნაკრების ჩინებული თამაში პერიმეტრზე გადამწყვეტი გამოდგა და შედეგად 9-დან 6 ჩაგდებული სამქულიანით ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 10 წუთი 26:23 მოიგო.

მეორე პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. საერთოდ, მეორე ათწუთეული საქართველოს ნაკრების საუკეთესო მონაკვეთი გამოდგა შეხვედრაში (ბოლო პერიოდთან ერთად), რადგან მეტოქეს 9 ქულით აჯობა და დიდ შესვენებაზე მეტად კომფორტული უპირატესობით, +12 ქულით გავიდა. გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას, მატ ჯენინგისა და გოგა ბითაძის კარგი თამაში.

მეორე ტაიმი ისრაელის ნაკრებმა აგრესიულად და ძალზე შედეგიანად დაიწყო. ქართველები ვერ ახერხებდნენ მეტოქის შეჩერებას და ამასთან, შეტევაში შორეული ტყორცნებიც აღარ მისდიოდათ. შედეგად, 12 ქულა თვალსა და ხელს შუა გაქრა და მასპინძლები წინ გავიდნენ. ეს დიდწილად, ტამირ ბლატის დიდებული გარჯის შედეგი გახლდათ, რომელმაც სამქულიანებიც ჩააგდო და შედეგიანი გადაცემები გვარიანად დაარიგა.

საინტერესოა, რომ ისრაელმა პირველი ტაიმი 37 ქულით დაასრულა, ხოლო მესამე პერიოდში თითქმის ამდენივე ჩააგდო - 31 ქულა. საქართველოს ნაკრები მესამე პერიოდის ბოლო მონაკვეთში გამოცოცხლდა და ქულების დაგროვება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

დადგა გადამწყვეტი მონაკვეთის ჯერი, რომელიც ილიას ზუროსის გუნდმა ბრწყინვალედ ჩაატარა. ეს მეტწილად დაცვის ხაზზე ითქმის. ებრაელები ქულებს ადვილად ვეღარ აგროვებდნენ. შედეგად, მხოლოდ 12 ქულა მივიღეთ და საპასუხოდ 20 ჩავაგდეთ. დასკვნით მეოთხედში ყველა კალათბურთელი გამორჩეული იყო, მაგრამ ცალკე უნდა აღინიშნოს გოგა ბითაძის დიდებული გარჯა. ნიჭიერმა ქართველმა ცენტრმა იმდენად ჩინებული შეხვედრა ჩაატარა, რომ გამოცდილი გიორგი შერმადინი ზუროსს გადამწყვეტ მონაკვეთში საერთოდ არ დაუტვირთავს და აღნიშნული სვლა სრულიად გამართლებული გამოდგა. გოგა დაცვაშიც ფანტასტიურად ირჯებოდა და შეტევაშიც. სწორედ მეტოქის ფარზე მისმა მოხსნილმა ბურთმა და შემდეგ მოპოვებულმა ჯარიმამ განაპირობა საქართველოს ნაკრების დაწინაურება შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ბოლოს იყო თონიკე შენგელიას ქულებიც და საბოლოოდ, საქართველომ მეტოქე 85:80 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია გამორჩეული იყო და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. „თოკომოტივმა“ 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. გოგა ბითაძესაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, არასრულ 24 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 7 შესარჩევ შეხვედრაში 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს, სწორედ ისრაელის ნაკრებს გაუტოლდა და პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო მეოთხე ადგილზე თავად აინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო, ძალიან მნიშვნელოვან მატჩს 16 სექტემბერს, თბილისში, ჯგუფის ფავორიტ საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]mail.com