weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩემპიონთა ლიგა მესის ჰეთ-თრიქით გაიხსნა

10:55 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებამ სტარტი აიღო და ოთხ ქვეჯგუფში პირველი ტურის რვა შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც მაყურებელმა სანახაობრივი, უხვგოლიანი და უაღრესად საინტერესო მატჩები იხილა.

A ჯგუფში ორივე ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა გაიმარჯვა. „მონაკომ“ საკუთარ „ლუი II“-ზე ანგარიში მალე გახსნა, თუმცა პირველივე ტაიმში მადრიდის „ატლეტიკოსგან“ ორი გოლი გაუშვა და მას შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული ქრისტიან პულიშიჩის გოლით სტუმრად  „ბრიუგეს“ დამარცხება მოახერხა.

მონაკო - მადრიდის ატლეტიკო 1:2

1:0 გრანსირი (18) 1:1 დ. კოსტა (31) 1:2 ხ. სიმენესი (45+1).

ბრიუგე - დორტმუნდის ბორუსია 0:1

პულიშიჩი (85).

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა სწორედ B ჯგუფით გაიხსნა, სადაც უპირობო ფავორიტმა „ბარსელონამ“ ევროტურნირი დიდებულად დაიწყო. კატალონიელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს ჰოლანდიის ჩემპიონ „პსვ ეინდჰოვენს“, საიდანაც ჰეთ-თრიქით ლიონელ მესიმ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ლიდერისთვის ეს მე-8 ჰეთ-თრიქი გამოდგა, რითაც იგი ამ ტურნირის ისტორიაში დაწინაურდა. მესიმ ჯერ საიუველირო სიზუსტით დარტყმული საჯარიმო გაიტანა, მეორე ტაიმში კი კიდევ ორჯერ აიღო იერუნ ზუტის კარი და ყველას დაანახა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდის მიზანი ამ სეზონში სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. საინტერესოდ წარიმართა მოვლენები „სან სიროზე“, სადაც კრიზისში მყოფმა მილანის „ინტერმა“ თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალა და „ტოტენჰემი“ დაამარცხა. არადა მასპინძელი „ნერიაძური“ მატჩის ფინიშამდე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ მაურო იკარდიმ, შემდეგ კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში მატიას ვესინომ ორჯერ გაუტანეს ლონდონელებს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს სამი ქულა ხელიდან გამოგლიჯეს და „ინტერმაც“ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა.

ბარსელონა - პსვ ეინდჰოვენი 4:0

მესი (32), უ. დემბელე (75), მესი (77), მესი (87).

ინტერი - ტოტენჰემ ჰოტსპური 2:1

0:1 ერიკსენი (53) 1:1 იკარდი (86) 2:1 ვესინო (90+2).

სათამაშო დღის შეხვედრებიდან საყოველთაო ინტერესს „სიკვდილის ჯგუფად“ მიჩნეულ C ჯგუფის მატჩი იწვევდა, რომელსაც „ენფილდ როუდმა“ უმასპინძლა. „ლივერპულს“ ძალიან სურდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხება, რასაც შემტევი თამაშითა და ბოლო წამამდე ბრძოლით მიაღწია კიდეც. იურგენ კლოპის გუნდმა გამარჯვება უდავოდ დაიმსახურა, რადგან მეტოქეზე მეტად მოტივირებულიც იყო და უკეთესადაც კომბინირებდა. თომას ტუხელის სტუმარმა გუნდმა ორი ბურთით დაწინაურებულ მერსისაიდელებთან ანგარიში გაქვითა, მომენტებიც შექმნა, თუმცა ლივერპულელთა თავდადებამ თავისი გაიტანა და შეცვლაზე შესულმა რობერტო ფირმინომ დამატებულ წუთებში დამსახურებული სამი ქულის მომტანი გაუტანა პარიზულ ნაქებ კლუბს. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა, რომელიც ბელგრადში გაიმართა, უგოლო ყაიმით დასრულდა.

ლივერპული - პარი სენ-ჟერმენი 3:2

1:0 სტარიჯი (30) 2:0 მილნერი (36) 2:1 მენიე (40) 2:2 მბაპე (83) 3:2 ფირმინო (90+2).

ცრვენა ზვეზდა - ნაპოლი 0:0

ყველაზე სუსტი ქვეჯგუფის მატჩები კი საინტერესო ქართველებისთვისაა, რადგან სწორედ აქ ასპარეზობს „ჯვაროსნების“ წევრის, სოლომონ კვერკველიას გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივი“. ამჟამად ცუდ ფორმაში მყოფი მოსკოველი რკინიგზელების კლუბი პირველ ტურში სტამბოლს ეწვია, სადაც ფათიჰ თერიმის გაწვრთნილმა მასპინძელმა „გალათასარაიმ“ მწარე მარცხი აგემა D ჯგუფში განთესილ იური სიომინის გუნდს. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში „შალკემ“ და „პორტომ“ გელზენკირხენში ქულები გაიყვეს. აქვე გეტყვით, რომ ლეგენდად ქცეულმა ესპანელმა გოლიპერმა იკერ კასილასმა რეკორდი მოხსნა - იგი ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 20 სეზონში ითამაშა და ამ ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

გალათასარაი - მოსკოვის ლოკომოტივი 3:0

გ. როდრიგესი (9), დერდიოკი (67), სელჩუკ ინანი (90+4 პ.).

შალკე 04 - პორტო 1:1

1:0 ემბოლო (64) 1:1 ოტავიო (75 პ.).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება პირველი ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]