weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

22:00 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017
პუტინის და ტრამპის შეხვედრა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე პუტინის და ტრამპის შეხვედრა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ახალი კანონი შეიცავს სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორიის წინააღმდეგაც.

კანონის მთავარი სიახლე არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე სანქციების გაუქმების ან შემსუბუქების უფლება არ ექნება.

ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს.

"მე მხარს ვუჭერ მკაცრ ზომებს იმისთვის, რომ დაისაჯონ რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების გამო, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ კანონი არსებით ნაკლოვანებებს შეიცავს. კონგრესმა ის ნაჩქარევად მიიღო და რამდენიმე აშკარად არაკონსტიტუციური ნორმა ჩადო", - ციტირებს "ბი ბი სი" ტრამპის განცხადებას.

დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ კანონს ხელს ეროვნული ინტერესების გამო აწერს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან მიღწეული იქნება თანამშრომლობა გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე და სანქციების გამოყენების საჭიროება მოიხსნება.

"ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების მართლაც დიდებული კომპანია ავაშენე და ჩემი პრეზიდენტად არჩევის მიზეზთა შორის ამას დიდი ადგილი ეკავა. როგორც პრეზიდენტს მე შემიძლია ქვეყნებთან უკეთესი გარიგებების დადება, ვიდრე კონგრესს", - აღნიშნა ტრამპმა.

ივლისის ბოლოს კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ თითქმის ერთხმად მიიღო. სანქციების მიღების მიზეზებს შორისაა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, აგრესია უკრაინის მიმართ და სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. კანონში სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

გასულ კვირში რუსეთის პრეზიდენტმა უკვე უპასუხა კონგრესის მიერ კანონპროექტის მიღებას და ქვეყანაში ამერიკული დიპლომატიური მისიის პერსონალი შეამცირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]