weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ბოლივუდელ მსახიობსა და რეჟისორს თავის მოკვეთით ემუქრებიან

16:17 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

ბოლივუდში გადაღებული ახალი ინდური ეპიკური ფილმის, „პადმავატის“ რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა უამრავი მუქარის წერილი, მათ შორის მოკვლის შეტყობინება მიიღეს.

ისტორიული ჟანრის სურათი, რომელიც ინდოელი სუფი პოეტის, მისტიკოსისა და პირის (უხუცესი სუფიზმში), მალიქ მუჰამედ ჯაიასის 1540 წელს ავადჰის ენაზე (ჰინდის აღმოსავლური დიალექტი) დაწერილი ეპიკური პოემის მიხედვითაა გადაღებული, ინდოეთის ლეგენდარულ დედოფალ პადმავატისა და დელის მუსლიმ სულთან ალაუდდინ ხილჯის ისტორიაზე მოგვითხრობს - დელის სასულთნოს მუსლიმმა მმართველმა რაჯპუტების დედოფლის ხელში ჩაგდების მიზნით ლაშქრობა 1303 წელს მოაწყო.

მაღალბიუჯეტიანმა ბოლივუდურმა ფილმმა ინდოეთში უდიდესი ვნებათაღელვა და უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. რაჯპუტების კასტის წარმომადგენელი ორგანიზაციის, „კარნი სენას“ აქტივისტების უკმაყოფილება ფილმში დედოფალ პადმავატის არასწორად ჩვენება და ისტორიული უზუსტობა გახდა. ორგანიზაციის წევრებმა არაერთი ვანდალური ქმედება ჩაიდინეს (გადასაღებ მოედანზე შეჭრა, სასახლის დაზიანება, კინოთეატრების დაწვის მუქარა), შემდეგ კი რეჟისორ სანჯაი ლილა ბჰანსალის სიკვდილით დაეუმუქრნენ. ფილმის აკრძალვა ასევე მოითხოვა რამდენიმე ინდოელმა პოლიტიკოსმა.

რეჟისორისა და დედოფალ პადმავატის როლის შემსრულებელ დიპიკა პადუკონეს მოკვლის საფასურად სხვა რელიგიურ-სოციალურმა კასტურმა ორგანიზაციამ („ბჰარატ ქშატრია სამაჯი“) 780 000 $ დააწესა. ორგანიზაციას ასევე მიბაძა ინდოეთის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა პალ ამუმ, რომელმაც ორივეს მოკვეთილი თავების საფასურად მილიონნახევარი დოლარი დააწესა. ფილმის ჩვენება ინდოეთის რამდენიმე შტატში (მადჰია პრადეში, უტარ პრადეში, რაჯასტანი) უკვე აიკრძალა.

რეჟისორმა ბჰანსალიმ უარყო მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ ფილმში დედოფლისა და მუსლიმი სულთნის სასიყვარულო სცენაა. რაც შეეხება ბოლივუდის 31 წლის ვარსკვლავ დიპიკა პადუკონეს, ფილმის ირგვლივ ატეხილ ამბებზე მოკლედ განაცხადა, რომ ის ამ ყველაფრით გაბრაზებულია და არა შეშინებული.

პოემის მიხედვით, დედოფალმა პადმავატიმ ისტორიულ ციხე-სიმაგრე ჩიტორის ალყისას, სასახლის სხვა ქალებთან ერთად მასიური ჯაუჰარი, იგივე თვითმკვლელობა ჩაიდინა, რათა დამპყრობლის ხელში არ აღმოჩენილიყო, მისი მეუღლე რატანსენი, იგივე რატან სინგჰი კი სხვა მებრძოლებთან ერთად ჩიტორის დაცვისას დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]