weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა

23:36 ორშაბათი, 14 მაისი 2018

14 მაისს, ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში ოფიციალურად გადაიტანეს. აშშ-მა ამ ნაბიჯით იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი, მისი მეუღლე და თეთრი სახლის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯარედ კუშნერი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს ვიდეოზარით მიმართა დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ საელჩო იერუსალიმში დიდი ხნის წინ უნდა გადაეტანათ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა ისრაელის დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავს დაამთხვიეს.

„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება, თავად განსაზღვროს სად ექნება დედაქალაქი, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ უარს ვამბობდით ამ ფაქტის აღიარებაზე. 70 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო აღიარა. დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით საელჩოს იერუსალიმში. გილოცავთ. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა თქვა, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანით, აშშ-მა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ამერიკის ნდობა შეიძლება.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი რაღაცას პირდება, სიტყვას ასრულებს... ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ამერიკის ნდობა შეიძლება. ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს მხარში ვუდგავართ“, - განაცხადა კუშნერმა.

„რა შესანიშნავი დღეა. დაიმახსოვრეთ ეს ისტორიული მომენტი. პრეზიდენტო ტრამპ, ისტორიული ფაქტის აღიარებით, თქვენ ისტორიას ქმნით. თქვენი მადლიერი ვართ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი მთავარი საკითხია. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამდე, ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა.

ევროკავშირმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით. ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს პალესტინელებმა. მათმა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ იქნება შუამავალი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს, ძველ ქალაქს, სადაც ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისა და იუდეველებისთვის წმინდა ადგილები მდებარეობს, პალესტინელები მათი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]