weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვფიქრობთ, 2022 წლის მე-2 კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს – გვენეტაძე 

15:47 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, კიდევ გაიზრდება, 2022 წლის გაზაფხულიდან კი შემცირებას დაიწყებს. მისი თქმით, ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება და ეს ინფლაციაზე აისახება.

გვენეტაძის თქმით, ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და მაგალითად, გერმანიაში, ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ია, რაც ბოლო 29 წლის მაქსიმუმია, ხოლო აშშ-ში 6.2%-ს შეადგენს, რაც ასევე მაქსიმუმია ბოლო 30 წლის განმავლობაში. 

„ის გამოწვევები და სირთულეები, რაც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. მოგეხსენებათ, იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, ამავე დროს მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასები, როგორებიცაა: ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა.

ასეთ პირობებში შეუძლებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს.

ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ძირითადად მოთხოვნის ფაქტორებზე მოქმედებს და მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მიწოდების ფაქტორებს. ამის მიუხედავად, პოლიტიკა გავამკაცრეთ - რადგანაც შიდა მოთხოვნა არის ძალიან გაზრდილი, გავანეიტრალოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ინფლაციაზე გავლენა. 

აქ მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება მიზნობრივი და მაღალი ინფლაცია, ეს ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება. 

რაც შეეხება ზოგადად ინფლაციის ხასიათს, ალბათ დაინტერესებული საზოგადოება ეცნობა ინფლაციასთან დაკავშირებით ანალიზს. ამ ანალიზის მიხედვით, ეს ინფლაცია არის დროებითი (ინგლისურად რომ ვთქვა - transitory), მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შემცირდება და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის საშიშროება არსებობს, გამკაცრებული პოლიტიკა იქნას შენარჩუნებული. როდესაც ამ ფაქტორებზე ვსაუბრობთ - ეს არის ვთქვათ, დოლარში დენომინირებული ფასები იგივე ნავთობის, ზეთის, ხორბლის და ა.შ. - ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ დაუსრულებლად არ გაგრძელდება ფასების ზრდა, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მისი ეფექტი თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება - იგივე შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს - რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. დიდი ალბათობით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა, 2019 წლის ნოემბერში კი 7% იყო. 

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით არის განსაზღვრული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]