weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოყო

16:21 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის საქართველოს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებშია დაგეგმილი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ენგურჰესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

„ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსებისთვის. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების სფეროებში. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები განახორციელა, ამ მიმართულებით 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის ევროკავშირმა 7-მილიონიანი გრანტიც დაამტკიცა.

„მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან. ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მილიონით მეტია 2016 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა 20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტს შპს „ენგურჰესი“ განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EBRD-ის მხრიდან ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა ახლადგამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]