weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნენსკრა ჰესი ქვეყანას წელიწადში 60 მლნ დოლარით აზარალებს – მწვანე ალტერნატივა

13:25 ორშაბათი, 10 ივნისი 2019
ფოტოზე დავით ჭიპაშვილი ფოტოზე დავით ჭიპაშვილი

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მთავრობას კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.

„ნენსკრა ჰესის“ შესახებ ხელშეკრულება, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო, 8 ივნისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასაჯაროვდა. „მწვანე ალტერნატივამ“ ხელშეკრულება გააანალიზა და განსაკუთრებით საყურადღებო რისკები გამოყო. ორგანიზაციის განცხადებით, კონტრაქტიდან ირკვევა, რომ რეალურად, ნენსკრა საქართველოს ზამთრის დეფიციტის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს (43%-ს) შეავსებს.

„ელექტროენერგიის საერთო რაოდენობიდან, რომელსაც ის წლის განმავლობაში გამოიმუშავებს, „ნენსკრა ჰესი“ საქართველოს ზამთრის დეფიციტის შესავსებად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მისია სახელმწიფოსთვის დენის არსებულ ფასებზე იაფად მიწოდებაა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ „ნენსკრა ჰესი“ ამ მიმართულებითაც შეუწყობდა ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. გასაიდუმლოებული კონტრაქტით კი საწინააღმდეგო ირკვევა:

ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სინამდვილეში საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ფასებზე 2-ჯერ ძვირი იქნება. არსებული ფასი 4.9 აშშ ცენტია. ნენსკრას ფასი 13 წლის განმავლობაში საშუალოდ 10.6 აშშ ცენტი იქნება, მას შემდეგ -12.7 აშშ ცენტი.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში ყოველთვის შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად - საშუალოდ 10.6 ცენტად (29.6 თეთრი), რომლის ნაწილსაც ის ექსპორტზე გაიტანს. ნენსკრასგან შესასყიდი ფასი კი დღევანდელ საექსპორტო ღირებულებას ბევრად აღემატება (3.2 აშშ ცენტი, ანუ 9 თეთრი). ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს (167 მილიონი ლარი) იზარალებს“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაციის განცხადებით, ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო „ნენსკრა ჰესის“ ჰიდროლოგიურ რისკებსაც აზღვევს. კერძოდ, თუ სხვადასხვა ჰიდროლოგიური მიზეზით, მაგალითად, არასაკმარისი წყლის გამო, ჰესმა საჭირო რაოდენობის ენერგია ვერ გამოიმუშავა, „ნენსკრა ჰიდროსთივს“ ამ ზიანის ანაზღაურებას თავის თავზე სახელმწიფო იღებს.

„მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, კონტრაქტით, სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, 1$-ად „ნენსკრა ჰესს“ გადასცეს ტერიტორიები, რომელთა დიდი ნაწილი ჭუბერისა და ნაკრას თემების საგვარეულო ტყეებსა და სათემო საკუთრებას მოიცავს. მათი 700 ჰექტარზე მეტი უკვე ნენსკრასთვის გადაცემულია.

„სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასაგებია, თუ რატომ იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული. ამ კაბალური პირობებით პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის ზარალი მიადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ელექტროენერგო უსაფრთხოება და გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას. საბოლოოდ კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივის“ პროგრამის კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.

ხელშეკრულება 280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს დაიდო. კონტრაქტს ხელს აწერენ საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“.

ნენსკრა ჰესის აგება ზემო-სვანეთში იგეგმება და ის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემას, საცხოვრებელ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას. პროექტს წლებია აპროტესტებენ სვანეთის მცხოვრებლები.

 

ამ თემაზე:

მთავრობა კომპანიას „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად 222 141 კვ.მ მიწას გადასცემს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტზე სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]