weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ევროპული ბანკების დასკვნით, „ნენსკრა ჰესი“ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება  

16:13 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გასაჩივრების მექანიზმმა, ორწლიანი გამოძიების შემდეგ, სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.

EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network-ი არიან.

გასაჩივრების ორგანოებმა დაასკვნეს, რომ „ნენსკრა ჰესი“ ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.

„გასაჩივრების მექანიზმების დასკვნები ცალსახად აღიარებს იმ დარღვევებს და შეუსაბამობებს, რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის მომზადების პროცესში და რის შესახებაც, საუბრობდნენ ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმასაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ არის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების გარანტი. ამისი ნათელი მაგალითებია შუახევისა და დარიალის ჰესები, მწარე გამოცდილებით, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანკები, თუმცა ამან პროექტების საიმედოობა ვერ უზრუნველყო.

„ნენსკრა ჰესის“ ირგვლივ ამდენი დამტკიცებული დარღვევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი.

მოსარჩელეების განცხადებით, გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. 

„მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

„ნენსკრა ჰესის“ პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთივს 150 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს, ხოლო EBRD-ი – 214 მილიონი დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.

ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ჭუბერისა და ნაკრას ხეობებში დაგეგმილი 280 მეგავატის სიმძლავრის „ნენსკრა ჰესი“ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთის მოსახლეობას. ისინი პროექტს წლებია აპროტესტებენ.

„პროექტის ფინანსურ რისკებზე სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ორი წლის წინ, ნენსკრა ჰესი მოულოდნელად დატოვა მთავარმა კონტრაქტორმა – საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-მ. 2019 წელს მედიაში გაჟონა ნენსკრას შესახებ მთავრობასა და პროექტის მშენებლებს შორის დადებული, იქამდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალებმა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 60 მილიონით აზარალებს“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების მექანიზმები განიხილავს და წყვეტს, თუ რამდენად შეესაბამება ამ ბანკების მიერ დაფინანსებული პროექტების სტანდარტები მათსავე უსაფრთხოების პოლიტიკას გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით. EBRD-ის გასაჩივრების მექანიზმია ბანკისგან დამოუკიდებელ ორგანო – „პროექტის ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმი“ – IPAM, ხოლო EIB-ში ფუნქციონირებს „საჩივრების მექანიზმი“ (CM).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]