weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სკოლაში ბავშვს უთხრეს, რომ ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მისმა დედამ ფული არ დადო – PHR

18:18 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR ) ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეს თანაკლასელების მშობლებმა უთხრეს, რომ ტორტის ნაჭერი არ ეკუთვნოდა, რადგან მის დედას თანხა არ ჰქონდა დადებული. ორგანიზაციის ცნობით, მშობლების დამოკიდებულებას კლასის დამრიგებელიც ახალისებდა, რომელსაც სამეურვეო საბჭომ მოგვიანებით შენიშვნა მისცა.

მეოთხე კლასელის მშობელმა სამართლებრივი დახმარებისთვის PHR-ს მიმართა. დედის განმარტებით, კლასის სხვა მოსწავლეების მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის თანხის დადებაზე უარი განაცხადა და ფული მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. 

PHR-ის ცნობით, ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ წესით, მას ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.

„ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას დამრიგებელი არა თუ ფლობდა, არამედ ისიც ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

„დისციპლინური კომიტეტის სხდომები მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის  მწვავე განცხადებების ფონზე. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად საბჭომ მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი დაადგინა, რის საფუძველზეც დამრიგებელს  დისციპლინური სახდელი (შენიშვნა) დაეკისრა“, – ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]