weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზვიად დევდარიანი – ვიწყებ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

14:42 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, აცხადებს, რომ საკუთარი ღირსებისა და პატივის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ზვიად დევდარიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამომავლო გეგმებზე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად ისაუბრა.

„ბოლო ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მზად ვარ ვითანამშრომლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან. მზად ვარ ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში.

მზად ვარ ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე.

მე გამოვდივარ იმ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოვლგვარი მტკიცებულების გარეშე, გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან.

სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება და კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების და რეპუტაციის გადასარჩენად“, – განაცხადა დევდარიანმა.

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიწვიონ საგამოძიებო უწყებაში.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესისთვის, რათა დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ფაქტზე აღძრულია საქმე და ჩვენ მოთმინებით ველოდით, რომ გამოჩნდებოდნენ სუბიექტები, ვინც შსს-ს მიმართავდნენ განცხადებით მათი ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით. მსგავსი რამ შსს-ს მოწოდების მიუხედავად არ მომხდარა. თუ ისინი არ მიდიან გამოძიებასთან, ჩვენ თვითონ ვამხელთ ყველა იმ პირს, რომლებმაც კონკრეტული ჯგუფების ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება. თითოეულ სიტყვაზე მოვთხოვთ უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ზვიად დევდარიანის და მისი ოჯახის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე ამ დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. „მოპასუხეები იქნებიან კონკრეტული პირები. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ ვუპირისპირდებით მედია და კონკრეტულ გაერთიანებებს, საუბარია კონკრეტულ პირებზე. სახეზეა მისი პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა და ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის იმ მოტივით, რომ მომხდარიყო ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ე.წ. Facebook-სასამართლოს მეშევეობით ესა თუ ის კონკრეტული პირები სამართლდებოდნენ“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]