weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველომ ძებნილი რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსეთს გადასცა

13:57 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ ძებნილი რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთში დღეს განხორციელდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 6 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაასაჯაროვა.

„დასანანია, რომ, როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს სუმბაევის ექსტრადიციის შეჩერებაზე. ეს წერილი თარიღდება 6 სექტემბრით, გამოგზავნილია ბატონი სოსო ბარათაშვილის სახელზე და წერია, რომ ევროპული სასამართლო გაეცნო საექსტრადიციო მასალებს და სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ზუსტად იგივე წერია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებაშიც. არ არის გამორიცხული, ამ წერილის შინაარსი ექსტრადიციის პირობებში მყოფი პატიმრისთვისაც კი არ იყო ცნობილი. რაკი ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება უნდა შეეყვანათ შეცდომაში, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პატიმარსაც არ აუხსნეს, რომ სტრასბურგში მისი საჩივარი ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მარცხით დასრულდა.

მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, რომ თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისაგან და იცოდნენ, რომ საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც − მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც − უნდა იყოს ის.

საქართველო თავშესაფარი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ მედია უყურადღებოდ არ დატოვებს სტრასბურგის სასამართლოს წერილს, რომელსაც ადვოკატები მალავდნენ და ჰკითხონ მათ, რატომ იტყუებოდნენ თვე-ნახევრის განმავლობაში, რატომ მართავდნენ იუსტიციის სამინისტროს წინ აქციას და რატომ ამბობდნენ სულ ათი წუთის წინ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს პროცესი და არ თქვეს, რომ პროცესი დასრულებულია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სუმბაევის ექსტრადიცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, საექსტრადიციო ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს წერილი. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სუმბაევისა და ახიადოვის შემთხვევა არ არის ადრეული წლების საქმის მსგავსი (შამაევისა და სხვა ქისტი და ჩეჩენი პირების ცნობილი საქმე), რადგან არც სუმბაევს და არც ახიადოვს რაიმე კავშირი საქართველოსთან არასოდეს ჰქონიათ. ახიადოვი საქართველოს აფარებდა თავს მას მერე, რაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით იბრძოდა, ხოლო სუმბაევი საქართველოში საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოექცა.

„ისინი არ დაბადებულან საქართველოში, არ არიან ჩვენი მოქალაქეები, ახიადოვს კი ბრალად ედებოდა სირიაში „აი-სი-სის“ სასარგებლოდ ტერორისტული საქმიანობა. საქართველო ვერ გახდება ასეთი პირების თავშესაფარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია არის ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცავთ ბალანსს, ერთი მხრივ, საერთაშორისო დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლასა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებს შორის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იაროსლავ სუმბაევი საქართველოში 2018 წელს დააკავეს. რუსული მხარის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ჰაკერები, მათ შორის სუმბაევი, ტუროპერატორებისგან მოპარული მონაცემებით რკინიგზის ფიქტიურ ბილეთებს აფორმებდნენ. გარდა ამისა, ჰაკერი ბრალდებულია გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთის მონაწილეობაში ეჭვმიტანილი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს საკუთარ სახლთან მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]