weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს

20:48 პარასკევი, 03 აპრილი 2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა 2019 წლის დეკემბერში ამოეწურა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს.

სხდომის გამართვამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თავი შეეკავებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნისგან.

„მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე“, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა არ გაითვალისწინა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის განმარტებით, ეს არის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი ჰყავდეს ღირსეულოი კანდიდატი. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს 14 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს, იგი სასამართლო სისტემაში არ ასოცირდება არცერთ ჯგუფთან და უხმაუროდ და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. 

ხვიჩა კიკილაშვილი დაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს, წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყარო) რაიონში. 1994-1995 წლებში მუშაობდა ფოთის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად; 1995-2002 წლებში მუშაობდა თელავის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად, შემდეგ პროკურორის თანაშემწედ. 2002-2004 წლებში იყო თელავის რეგიონალური სამხედრო პროკურორის მოადგილე. 2004-2006 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2006-2011 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2007-2011 წლებში - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2011-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2013-2016 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2017-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან: ზაზა თავაძე - თავმჯდომარე; მერაბ ტურავა - თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი კვერენჩხილაძე; ევა გოცირიძე; თეიმურაზ ტუღუში - თავმჯდომარის მოადგილე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი; თამაზ ცაბუტაშვილი; მანანა კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.

ხვიჩა კიკილაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]