weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომის ხეობაში რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობია დამწვარი

10:58 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობია დამწვარი. გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თროთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის გადაადგილება.

ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. საგანგებო შტაბის ცნობით, ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება. შტაბი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები) და ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად.

სამინისტროს განცხადებით, რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების კვალიფიციური და დროული ქმედების, ასევე მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა საფრთხის შერბილება და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ცეცხლის კერამდე აყვანა.

ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ.

ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]