weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩანაწერი ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერობებზე – კობახიძე

14:52 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

„ამ ჩანაწერში საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე. როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამე გასაკვირია?“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნამდვილია თუ არა ეს ჩანაწერი, არავინ იცის და ნამდვილი რომც იყოს, „აქ არაფერზეა საუბარი“.

„რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, აქ საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერობებზე. საქართველოს აქვს ოფიციალურად დადასტურებული პოზიცია ამ თემაზე.

კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის გაცხადებული პოზიცია. ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის და არავითარი გადაყიდვის მიზნებისთვის.

რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია. უკრაინაც რომ ავიღოთ, ისიც ინარჩუნებს გარკვეულ სერიოზულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის, საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. სავაჭრო ურთიერთობებში უკრაინაც არის ჩართული რუსეთის ფედერაციასთან. ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არ არის არაფერი არც კანონსაწინაღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სამართლებრივი ორგანოების გადასაწყვეტია, დაიწყება თუ არა გამოძება ჩანაწერთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება შეხვედრას, თუ რაიმე შეხვედრა იყო პრემიერის მხრიდან, ამაზე თავად პრემიერი გააკეთებს განცხადებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, დავით არახამიას განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არახამია საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციაშია“.

„ასეთ დროს, არის სრული კოორდინაცია კიევსა და თბილისს შორის. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან მიმართებით, თუმცა არა ყველაფერი, მე მგონია ომი რომ დასრულდება კიდევ უფრო მეტს გაიგებენ მის შესახებ, ცუდ რაღაცებს“, – თქვა კობახიძემ.

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ასევე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის „სატელეფონო საუბრების“ ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა. ფარული ჩანაწერის გამავრცელებლის ცნობით, ოლიგარქებს შორის სატელეფონო საუბრები მარტში შედგა, ანუ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ევტუშენკოვს კი სანქციები ემუქრებოდა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. არახამიას თქმით, „მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“ და რუსეთს ეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]