weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

18:53 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

„კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე - ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციას.

კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტი „ფეიკის“ მსხვერპლი გახდა.

„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიან, მათ „სხვაგვარი ევროპარლამენტი“ დახვდებათ. კერძოდ, კობახიძის სიტყვებით, „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.

ევროკავშირის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ , რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც არიან ნახსენები. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰუმანიტარული მოსაზრებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან, რათა მას შეეძლოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიმართავს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გადაიხედოს და ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]