weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს – გახარია 

14:04 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მარიხუანის მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მარიხუანის მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზედ მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, მარიხუანის თრობის ქვეშ დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა და კიდევ ბევრი რამ - ეს ყველაფერი ამ კანონში არის დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულებს ამ კანონს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით დაამტკიცა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად.

შსს-ს ცნობით, ახალი კანონით, მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:

  • იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
  • გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანის ფლობის და გასაღების შესახებ არსებული რეგულაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]