როგორც გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა და ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა. 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მონაწილე თავად გახლავართ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას.
რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე – ეს არის ჩემი, ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ, ყველას ვთხოვ ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის მხრიდან.
„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, სამი სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი თავდაცვის ძალები ვითარდება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩაჩიბაიამ იდენტური განცხადება გააკეთა სპეციალური ოპერაციების მართვის ცენტრში, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად უცხოეთში მყოფ ჯარისკაცებს მიმართა.
„28 წლის განმავლობაში არცერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა - ოთხი ომი. უფრო სწორად, სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას“, – ამბობს ჩაჩიბაია.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, აღნიშნული მიმართვის ვიდეომასალა თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ თავად გაავრცელა. მოგვიანებით მასალა წაიშალა, შემდეგ კი კვლავ ატვირტეს. ფეისბუქის გვერდზე ამ დროისთვის არსებულ ვიდეოში ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეს სიტყვები ამოჭრილია.