weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა – გოგაშვილი

12:34 სამშაბათი, 14 მაისი 2019
ფოტო კადრი „იმედის“ ინტერვიუდან ფოტო კადრი „იმედის“ ინტერვიუდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა, სადაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ ისაუბრა.

იოსებ გოგაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ი მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში ადანაშაულებს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა.

„ეს ადამიანი გამოიყენა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მიზნების მისაღწევად. მათ ალბათ უნდათ, რომ თავისი ნამოქმედარი, რაც ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და კატასტროფული მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებების კუთხით და ალბათ უნდათ, რომ რაღაცნაირად გააიგივონ დღევანდელი ხელისუფლება... აი, შვილმკვდარი მამები შვილმკვდარ დედებს შეადარონ... აქედან გამომდინარე, მათ ეს გამოიყენეს.

ისინი და არა მარტო ისინი, სხვა პიროვნებებიც, ახორციელებენ მიზანმიმართულად, ამ ადამიანის დეზინფორმაციით გაჟღენთვას. ამ ადამიანმა ეს ან დაიჯერა, ან უნდა რომ დაიჯეროს. ყოველ შემთხვევაში განსხვავება არ არის“, – აღნიშნავს გოგაშივილი.

მისივე თქმით, 2017 წლის 26 დეკემბერს, როდესაც სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა, ის პანკისის ხეობაში არ იმყოფებოდა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ თემაზე ცრუობს.

„რა თქმა უნდა, იქ არ ვიმყოფებოდი და რომც ვყოფილიყავი, მიმაჩნია, რომ ამის დამალვა აზრს არის მოკლებული იმიტომ, რომ ეს იყო კანონიერი მოქმედება, სასამართლოს განჩინებით და ჩვენ უნდა დაგვეკავებინა ყველა, ვისთვისაც ბრალი იყო წასაყენებელი.

ტყუილები, რაც მან ისაუბრა, რომ იქ ვიყავი, დამინახეს, ვემუქრებოდი და რაღაცის საშუალება არ მივეცი, რა თქმა უნდა, ტყუილია. მე თბილისში ვიმყოფებოდი, ამ სახლში ვიყავი და ჩემთან ერთად სტუმრები იყვნენ. ძალიან მარტივად შეიძლება სატელეფონო ანძებით დადგენა, რომ აქ იყვნენ. ის [მალხაზ მაჩალიკაშვილი] ძალიან ბევრს იტყუება. საკუთარ ოჯახსაც ბევრ რამეს უმალავს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იტყუებოდა თავიდან, როდესაც ამბობდა, რომ სახლი შეეშალათ და სხვაგან შევიდნენ. სასამართლო განჩინება თუ იყო თემირლან მაჩალიკაშვილზე, როგორ შეგვეშალა სახლი. შემდეგ ჩემ გარეგნობას აღწერდნენ ისე, რომ დღე და ღამესავით განსხვავდება.

ჯერ თვალებში ჩახედოს თავის ოჯახს, შემდეგ ყურანზე დაიფიცოს, თუ მართლმორწმუნე მუსლიმია, რომ მე იქ ვიყავი და დამინახა და დაამტკიცოს ეს. მე ჩემს სიმართლეს ძალიან მარტივად დავამტკიცებ“, – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, აბსურდია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაზე მეტ ჩვენებას სწორედ თემირლანისგან მოელოდა.

„ჩატაევის გუნდს თუკი რამე სჭირდებოდა, ანგარიშის გახსნა, თანხის გადმორიცხვა, ტელეფონების შეძენა, აპლიკაციების გადმოტვირთვა, ყველაფერში ეხმარებოდა. ეს მტკიცებულებებით ამოვიდა და საქმეშია. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ინფორმაციას მივიღებდით მისგან და რაც მოხდა, ჩვენთვის ყველასთვის იყო ძალიან ცუდი“, – აღნიშნა იოსებ გოგაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]