weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„რუსეთმა აიბღა სოჭის ოლიმპიადის წინ მიითვისა, ქართულმა საზოგადოებამ კი ახალ ამბად მიიღო“

16:00 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, რომლის რუსეთის საკადასტრო რუკაზე შეტანის თემა ქართულ მედიაში გუშინ გააქტიურდა, რუსეთსა და აფხაზებს შორის მწვავე დაპისრიპირების მიზეზი ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო.

პროცესი მეტ-ნაკლები სიმწვავით წლების განმავლობაში გრძელდებოდა, იმართებოდა „აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომები. კომისიის ერთ-ერთი სხდომის წინ ახალი ამბების აფხაზურმა სააგენტომ „აპსნიპრესი“ გამოაქვეყნა გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორის, ინალ ხაშიგის მონათხრობი: „აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ვალერი კვარჩია მოსკოვში ამ სიტყვებით გააცილეს: არ დაბრუნდე, თუ აფხაზური მიწის თუნდაც ერთ კვადრატულ მეტრს დათმობ“. ამგვარი კატეგორიულობის მიუხედავად რუსეთმა მიზანს მიაღწია - სოფელ აიბღას ნაწილის მითვისება 2013 წელს დაასრულა და რუკაზე საკუთარ საზღვრებში მოაქცია.

სოფელ აიბღას და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში საკამათო საკითხებზე „რეგინფო“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ რუსეთს ეს ტერიტორია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის სჭირდებოდა და აფხაზური საზოგადოების პოზიცია კრემლისთვის სრულიად უმნიშვნელო იყო. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთში მიწაზე საკუთრების უფლების და იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების ამ საკითხთან შესაძლო კავშირზეც საუბრობს:

რუსეთს სოფელი აიბღა სოჭის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის თუ სადაზვერვო სისტემების მოსაწყობად სჭირდებოდა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აიბღას მოსახლეობა ეთნიკურად რუსები არიან და ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციაში ყოფნა უნდათ. რუსეთმა ოლიმპიადის წინ ეს ხალხი კარგად გამოიყენა, რომელიც ამბობდა, რომ გზები და კომუნიკაციები აფხაზეთის მიმართულებით არ არსებობს, რომ აფხაზეთთან ბმა მათთვის შეუძლებელია და ყველაფრით რუსეთს არიან დაკავშირებული.

ამ მოვლენების გამო აფხაზური საზოგადოება ახმაურდა და გააპროტესტა რუსეთის მიერ ტერიტორიის მითვისება.

2013 წელს, როცა რუსეთმა ეს პროცესი დაასრულა, საქართველოს ხელისუფლებამაც მკაფიო პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ ეს არის ანექსია. ამ საკითხში აფხაზური საზოგადოების და საქართველოს პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, რაც იშვიათი მოვლენაა.

ეს იყო 2013 წელს, პროცესი კი დაიწყო 2009 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, თუმცა, მათ ამ მოვლენებზე ხმაც არ ამოუღიათ. მკაფიო პოზიცია უკვე ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა.

თუმცა, აფხაზური საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოზიციის მიუხედავად, რუსეთმა მიზანს მიაღწია და სოფლის ნაწილი მიისაკუთრა. ფორმალურად ამ ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმებულა - არც საქართველოს ხელისუფლებასთან და არც რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ აფხაზეთთან. ანუ რუსეთის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს - არც კანონიერი და არ უკანონო.

ეს არის ტერიტორიის ანექსია, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ასევე, რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის წინააღმდეგაც.

ეს არის ორმაგი, ათმაგი უკანონობა, არაღიარება, რუსეთის თვითნებობა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

როგორია აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთის მიერ აიბღას ნაწილის მითვისების მიმართ აჟამად?

– აფხაზების პოზიცია და დამოკიდებულება დღემდე კატეგორიული და უარყოფითია. მართალია, დღეს იქ სოფელ აიბღასთან დაკავშირებით არანაირი პროტესი და პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზები ამ სოფლის დაკარგვას შეეგუვნენ, მაგალითად, ისევე, როგორც ჩვენ არ შევგუებივართ ოკუპაციას.

– გახსოვთ, ალბათ, იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის უცნაურ ვითარებაში გარდაცვალება, (2011 წლის 29 მაისი) აიბღას გამო რუსეთისა და აფხაზების დაპისპირების ერთ-ერთ მწვავე პერიოდს დაემთხვა. ხომ არ შეიძლება, დავინახოთ კავშირი ბაღაფშის გარდაცვალებასა და ამ დაპირისპირებას შორის?

 ბაღაფში მართლაც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა, ძალაში რჩება სამედიცინო დაუდევრობის ვერსია. ამ ვერსიის მიუხედავად,

აფხაზეთში დღემდე არის საუბრები, რომ ბაღაფში რაღაცას შეეწირა და ეს „რაღაც“ არის აფხაზეთში მიწაზე საკუთრების უფლება.

იქ ამჟამადაც მიწა მხოლოდ „სახელმწიფოს“ საკუთრებაა და თვით „აფხაზეთის მოქალაქეებსაც“ კი არ აქვთ მიწაზე საკუთრების უფლება, არა თუ რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. რუსეთი მოითხოვდა ბაღაფშისგან მიწის „განსახელმწიფოებრიობას“, მაგრამ მას ამ საკითხის მიმართ ძალიან პრინციპული პოზიცია ჰქონდა. უძრავი ქონების, მაგალითად ბინების ფლობის უფლებაც დღემდე იქ მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ აქვთ და რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად აფხაზები ამას არ ცვლიან.

რაც შეეხება ზოგადად რუსულ-აფხაზურ უთანხმოებებს, ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან სამ ძალიან მნშვნელოვან და სტრატეგიულ მოთხოვნასთან დაკავშირებით აფხაზებს დღემდე აქვთ პრინციპული პოზიცია:

ისინი უარს ამბობენ მიწაზე კერძო საკუთრების უფლების, ასევე „არააფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ უძრავი ქონების საკუთრების უფლების დაშვებაზე და კოდორის ხეობის გავლით ტრანსკავკასიური გზის გაყვანაზე, რაშიც რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული.

მეტიც, დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზებმა კოდორის ხეობა ნაკრძალად გამოაცხადეს, რაც კიდევ ერთხელ ადატურებს ამ საკითხზე მათ პრინციპულობას.

დავუბრუნდები ისევ სოფელ აიბღას თემას. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ქართულ საზოგადოებას ეხლა გაახსენდა 2009-2013 წლებში განვითარებული მოვლენები, მეტყველებს იმაზე, რომ ამ საზოგადოებას ეს საკითხი არ აინტერესებს, მისთვის უმნიშვნელოა და წლების შემდეგ ისე იღებს, როგორც სრულიად ახალს ამბავს. ეს ძალიან სამწუხაროა, მითუფრო, რომ მას შემდეგ არ გასულა ათწლეულები, სულ რაღაც 6 წელი გავიდა. 

ქართული მედიით 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა რუსეთის საკადასტრო რუკაზე რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია დაფიქსირებული, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მან რუსეთის ქმედებას უკანონო უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]