weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ნამახვანის პროექტი აუცილებლად შედგეს – თურნავა

14:47 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ პროექტი აუცილებლად შედგეს. აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიასთან მხრიდან ხელშეკრულების შესაძლო მოშლისა და დავის შესახებ.

როგორც თურნავამ თქვა, დღეს საერთაშორისო არბიტრაჟის რისკია, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს.

„ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თვითონ ნამახვანის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ქართული ენრგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან, რომელიც თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია , იყო იქითკენ მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი.

მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი.

თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები, მშენებლები და მათი ამოცანაა პროექტის შენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება“, – განაცხადა თურნავამ.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად სახელმწიფოს მიერ მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებს.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის 56 მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორებოდა. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლი უნდა აშენებულიყო სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რაც 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას დატბორავდა. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე გათვალისწინებული იყო 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, თითქმის ერთი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ნებართვები სასამართლოშია გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]