„მათი პიარული მსვლელობა იყო, რომ ამ საქმისთვის ეწოდებინათ „პიჯაკების საქმე“, რომელიც არის საკმაოდ ელიტური კორუფციის საქმე და შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ „ბოტოქსების საქმე“, იმიტომ, რომ 500 000-მდეა დახარჯული კოსმეტიკური პროცედურებისთვის. შეიძლება ვუწოდოთ „გასახდომი პროცედურების საქმე“, „უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე“, „სტილისტის საქმე“, რადგან სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული სტილისტის მომსახურებაში, ვიდრე პიჯაკებში და პიარულად, ალბათ, ძალიან მომგებიანია, რომ ადამიანებს აუჩუყონ ამით გული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. პროკურატურის განცხადებით, ეს თანხა 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა.