weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის 

19:53 შაბათი, 25 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა. 

კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია. პროექტში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციები ექნება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან. კანონპროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

უცნობია, ინფორმირებული იყო თუ არა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი სამსახური აღნიშნული კანონპროექტის შესახებ. დღეს თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტს საკანონდებლო წინადადება წარუდგინეს, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების გატარებას სთხოვს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას 2019 წლის 3 ივლისიდან ლონდა თოლორაია ახორციელებს, რომელიც პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. სახელმწიფო ინსპექტორი არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს.

ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერებას ეხებოდა. სახელმწიფო ინსპექტორმა დარღვევები დაადგინა, რის გამოც იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური 2000 ლარით. იუსტიციის სამინისტრომ ინსპექტორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]