„პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის ერთ პროცენტზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.
დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.
სამსახურმა საამფეთქებლო სამუშაოების შეჩერების და იმ კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც „ინციდენტი“ მოხდა.
„შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. დაშავებული მეშახტეები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები რეანომობილით თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა აქვს და რეანიმაციაშია მოთავსებული.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.