ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას. მისი თქმით, მოქალაქეები გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა.
„ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და
მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი.
ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად, რაიმე უსამართლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. შეიძლება რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს მექანიკურს, არ ვიცი რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხები. ეს პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, მთავრობის მხრიდან რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.